გიორგი გახარია: ჯერ უნდა გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, უნდა გავიმარჯვოთ და ადამიანებს შევუსრულოთ ყველა დაპირება
“ჯერ უნდა შევქმნათ და გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს შევუსრულოთ ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ”, – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ფოთში პარტიის ოფისის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი, რაც ახლა გასაკეთებელია, შესასრულებლად შრომაა.
„ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა, ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ფოთს განვითარება პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამ გაფართოების შეთანხმების როგორღაც მიღწევას ბევრი შრომა დასჭირდა. იმედი მაქვს, ეს პროექტი ბოლომდე მივა, რადგან ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი.
აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, რადგან ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ.
ჯერ უნდა შევქმნათ და გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს შევუსრულოთ უნდა ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ. მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ ამ ქალაქშიც, ამ ქვეყანაშიც არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის. ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი რაც ახლა გასაკეთებელია, უნდა ვიშრომოთ მათ შესასრულებლად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გაგვიკეთებია“, – განაცხადა გახარიამ.