თამაზ გაიაშვილი: არჩევანი, რომელიც ქართველობას გვაკარგვინებს

“აბსოლუტურად მიუღებელია და გამართლება არა აქვს ძალადობას, რომელიც ვიხილეთ, მაგრამ იმას, რასაც გამართლება არა აქვს, ახსნა სჭირდება”, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ფიზიკური ძალადობა დასაგმობია, მაგრამ არანაკლებ დასაგმობია ჟურნალისტური ძალადობა.

,,არჩევანი, რომელიც ქართველობას გვაკარგვინებს – ვერცერთი ადამიანი გულგრილი ვერ დარჩება იმ მოვლენის მიმართ, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ხდება.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ ვემიჯნები და ვგმობ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, არა მარტო ფიზიკურს, არამედედ ფსიქიკურს, მორალურს და ა.შ. ადამიანებს გონიერი არსება იმიტომ გვქვია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა სიტყვით, მოლაპარაკებითა და შეთახმების გზით ჩამოვაყალიბოთ და არა – მოტყუებით, შანტაჟით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებითა და მუშტიკრივით.

სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ ქართველები ერთმანეთთან ურთიერთობას სწორედ მუშტიკრივით არკვევენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად მიუღებელია და გამართლება არა აქვს ძალადობას, რომელიც ვიხილეთ, მაგრამ იმას, რასაც გამართლება არა აქვს, ახსნა სჭირდება. ახსნა სჭირდება იმ ფაქტს, რომ ერთ დღეს, ერთ აქციაზე, ორმოცდაათამდე ჟურნალისტი დაშავდა. მე პირადად ბევრი ახლობელი და მეგობარი ჟურნალისტი მყავს, რაც, ერთი მხრივ, არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ პროფესიის ადამიანებზე ძვირი ვთქვა, მაგრამ, მეორე მხრივ, სათქმელი თუ არ ვთქვი, მეც ისევე დავკარგავ ობიექტურობის გრძნობას, როგორც ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა დაკარგა.
ჟურნალისტიკა სათუთი და უაღრესად საპასუხისმგებლი სფეროა საზოგადოებრივი ცხოვრებისა. ილია ჭავჭავაძე ჟურნალისტებს ასწავლიდა, რომ ქაღალდის გარდა, რომელზეც ვწერთ, არსებობს სინდისი. ხალხსა და ჟურნალისტებს შორის ხიდი მაშინ ჩატყდა, როდესაც მათი ერთი ნაწილი საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სფეროებში, სადაც მოსახლეობის პოლარიზება ხდება, მხარედ მოგვევლინა. ეს განსაკუთრებით ითქმის პოლიტიკაზე. ახლა ამას ე.წ. ლგბტ საკითხიც დაემატა, რაც საზოგადოების ოთხმოცდაათი პროცენტისთვის მიუღებელია. ჟურნალისტების ნაწილი კი, ნაცვლად იმისა, რომ თემა, მისი არსი, საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულება გააშუქოს, ამ მიმართულების პროპაგანდისტად იქცა. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ ეკრანზე ლგბტ სიმბოლოებით მოგვევლინენ. ეს თემის გაშუქება არ არის, ეს ღია, თანაც გამომწვევი და გამაღიზიანებელი პროპაგანდაა. მეტიც, ეს საზოგადოებისთვის ჯიბრში ჩადგომა და მისთვის მკლავის გადაგრეხვის მცდელობაა, რაც ხშირ შემთხვევაში აგრესიულ ფორმებში ვლინდება. აგრესია აგრესიას შობს, ძალადობა ძალადობას, ეს ცნობილი ამბავია. ფიზიკური ძალადობა, რომ დასაგმობია, ეს წერილი სწორედ ამ განცხადებით დავიწყე, მაგრამ ჟურნალისტური ძალადობაც (სამწუხაროდ, არსებობს ძალადობის ასეთი ფორმაც) არანაკლებ დასაგმობია. ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: ჩვენი უდიდესი მოღვაწის რეზო გაბრიაზის გასვენებაზე ჟურნალისტებმა მთავრობის წევრებზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნადირობა გამოაცხადეს. ყველა მხრიდან შეავიწროვეს, მიკროფონებს პირდაპირ პირში ჩრიდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მათ გაბრიაძესთან დაკავშირებული შეკითხვა არ ჰქონდათ, შეკითხვებს გახარიასთან დაკავშირებით სვამდნენ, რომელიც თანამდებობიდან ახალი გადამდგარი იყო. წარმოგიდგენიათ? უდიდესი მოღვაწის გასვენებაზე მისულ ჟურნალისტთა დიდ ნაწილს გარდაცვლილ რეზო გაბრიაძეზე მეტად, გადამდგარი გახარია აინტერესებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჟურნალისტური ინტერესი პროვოკაციის ძიებით იწყება და პროვოკაცის ძიებითვე მთავრდება. ჩემი აზრით, ამ მიდგომებშია საძებნი საზოგადოების მიერ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი იმ აგრესიის მიზეზი, რომელიც 5-6 ივლისს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ. გასაოცარი კი ისაა, რომ 5 ივლისს გამართული ცემა-ტყეპის შემდეგ, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ღონისძიება მეორე დღესაც განაგრძეს და საქმე კვლავ ცემა-ტყეპამდე მივიდა. დასკვნა იმასთან დაკავშირებით თუ საით მიჰყავს საქართველო ამ მოვლენებს, არ გაკეთებულა. ასეთი დასკვნები კი, პირველ რიგში, ჟურნალისტებმა უნდა აკეთონ, მაგრამ ამისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი მიდგომებია საჭირო, რაც, სამწუხაროდ, სულ უფრო იშვიათი მოვლენა ხდება საქართველოში. იმ სამარცხვინო ფაქტების შემდეგაც, რაც თბილისის ქუჩებში მოხდა, ჟურნალისტებს ტენდენციური მიდგომები არ შეუცვლიათ. ისინი კვლავ ცალმხრივად აშუქებენ მოვლენებს, რის გამოც ალტერნატიული აზრი საერთოდ განდევნილია ტელეეკრანებიდან. ისინი გაჰყვირიან, მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტის ტერიტორიაზე აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნესო. მორჩა, აქ წერტილს სვამენ და არ ამბობენ იმას, რომ ევროკავშირის დროშის ნაცვლად წნინდა ნინოს გამოსახულება აღმართეს.

ამას არ უმხელენ საკუთარ ხალხს, ვინაიდან დარწმუნებულნი არიან, რომ ხალხი უპირატესობას წმინდა ნინოს გამოსახულებას მიანიჭებს, რადგან ევროპა, აშშ და, საერთოდ, დასავლეთი უკვე საბოლოოდ შეაძულეს ხალხს იმ ძალადობით, რასაც თუნდაც ამ ლგბტ საკითხთან დაკავშირებით ახორციელებენ. ხელისუფლება არასწორად მოიქცაო, საპატრიარქო არასწორად მოიქცაო, რაში გამოიხატა მათი არასწორი საქციელი, იმაში, რომ ერთმნიშვნელოვნად ლგბტ პროპაგანდისტებს არ დაუჭირეს მხარი და საზოგადოების დანაჩენი ნაწილის სრული იგნორირება არ მოახდინეს? იმაში, რომ დაპირისპირების ესკალაციის ნაცვლად მისი დაშოშმინება სცადეს? ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლების წილ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ მოიხსნის, მაგრამ პროვოკატორებსაც არ უნდა მიეცეთ მათი იმ ქმედების გამო პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ლუსტრაცია ხომ მოხდა უკვე, ხომ ბოლომდე გამოიკვეთა, ფულის სიყვარულით ვინ რისი და რამდენის მკადრებელია?! ადრე აღმოსავლეთიდან მოსული დამპყრობლები გვაყენებდნენ საშინელი ალტერნატივის წინაშე: ან მიიღებთ ჩვენს წესებს, ან გაგანადგურებთ! ახლაც იგივე მეორდება. ამიტომ, საქართველოს მეგობარი და პარტნიორი მხოლოდ ის იქნება, ვინც ჩვენი სულის, ჩვენი ცხოვრების წესის, ჩვენი ტრადიციების და იდენტობის გადაკეთებას და წაშლას არ შეეცდება.
ტენდენციურობა და არაობიექტურობა ქართველ ჟურნალისტთა ერთი ნაწილის საქმიანობაში იმ ტრენდად იქცა, რითაც, ნაცვლად იმისა, რომ რცხვენოდეთ, ამაყობენ კიდეც. გავიხსენოთ თბილისში ჟურნალისტ პოზნერის ჩამოსვლა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი პროვოკაცია. პოზნერი მხოლოდ რუსეთის მოქალაქე არ არის, იგი აშშ-ისა და საფრანგეთის მოქალაქეცაა, მაგრამ ჟურნალისტების იმ ნაწილმა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა, არ მოინდომა პოზნერის უფლებები დაეცვა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუმსახურებული თავდასხმების მსხვერპლი გახდა. ამგვარი მიდგომის შედეგად კი საქართველო დაზარალდა, ვინაიდან რუსეთთან ისედაც უკიდურესობამდე დაძაბული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გავიხსენოთ. ვინმეს თუ აქვს დაანგარიშებული, რა თანხად დაუჯდა საქართველოს ე. წ. “გავრილოვის ღამე”? სადმე თუ გინახავთ ჟურნალისტების მიერ ამ მიმართულებით გაკეთებული ობიექტური ანალიზი. 5 ივნისს გადასაღები აპარატურა დაგვიზიანესო, გაჰყვირიან ჟურნალისტები და სახელმწიფოსგან ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ამა თუ იმ ქმედების შედეგად ვინმეს მატერიალური ზიანი თუ მიადგება, ზიანის მიმყენებელმა ზარალი უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ეს თუ ასეა, “გავრილოვის ღამის” შედაგად ქართული ბიზნესისთვის და, ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი რატომ არ უნდა ანაზღაურდეს? მე არ დამითვლია მხოლოდ ამ პროვოკაციის გამო რამდენი ზარალი მიადგა ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას (ტურისტულ ოპერატორებს, სატუმროებს, მუზეუმებს, რესტორნებს, კაფეებს, რამდენი იზარალეს მეწარმეებმა, განსაკუთრებით მეღვინეებმა, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია ვეღარ შეაქვთ რუსეთის ბაზარში და ა.შ.), მაგრამ მე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელმა, ზუსტად ვიცი, რამდენი ზარალი მიადგა ამ ერთი პროვოკაციის შედეგად ავიაკომპანიას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. რუსეთის მიმართულებით რეისების გაუქმებამ, რამაც ფინანსური ზარალის მთელი ჯაჭვი შექმნა, მთლიანობაში ავიაკომპანია ორმოცი მილიონი ლარით აზარალა. თუკი სახელმწიფომ ტელეკომპანიებს უნდა აუნაზღაუროს მათთვის საზოგადოების იმ ნაწილის მიერ მიყენებული რამდენიმე ათასის ოდენობის ზარალი, რომელიც თავიანთი ტენდენციური ტელეგადაცემებით თვითონვე დაიპირისპირეს, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” რატომ არ უნდა აუნაზღაუროს “გავრილოვის ღამედ” მონათლული პროვოკაციის მომწყობმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ათეულობით მილიონის ზარალი, რაშიც ავიაკომპანიას არავითარი დანაშაული არ მიუძღვის? ეს უზარმაზარი თანხა მხოლოდ ავიაკომპანიამ ხომ არ დაკარგა, საქართველოს ბიუჯეტმაც ანუ ქართველმა ხალხმაც დაკარგა. ჩვენც ვაპირებთ სასამართლოში სარჩელის შეტანას და, ვნახოთ, რას გადაწყვეტს ქართული მართლმსაჯულება.
მუშტი-კრივში ამა თუ იმ მხარის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება არ არის. ობიექტურობამ და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. ობიექტურობამ და სამართლიანობამ უნდა დაისადგუროს მედიაშიც, სასამართლოშიც, პოლიტიკაშიც, საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა კუთხე-კუნჭულში. უნდა აღმოიფხვრას ორმაგი სტანდარტები და კანონი ერთიანი უნდა გახდეს ყველასთვის. ამაში ვხედავ გამოსავალს, სხვა ყველაფერს დაძაბულობის ესკალაცია და საზოგადოებაში უსამართლობის განცდის გაძლიერება მოჰყვება, რაც კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. არ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც ქართველობას გვაკარგვინებს”, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები