ნიკა მელია: აუცილებლად დაგამთავრებთ, თუ როგორ, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება

“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით კლავს სახელმწიფოს.

“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.

დღევანდელი ხელისუფლება, მის მიერ მართული ჯგუფების ხელითა და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.

ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!

სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!

თუ როგორ, მალე, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!”, – წერს მელია.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დასხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები