მიხეილ სარჯველაძე: გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არის ის ღირებულება, რომელზეც შენდება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტის წევრს, ასამბლეის მომხსენებლს ქრისტოფ ლაკრუას შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, კონფლიქტების დროს საზოგადოების უსაფრთხოების ზომებზე.
ხაზი გაესვა მხარეების პასუხისმგებლობას კონფლიქტების პროცესში.
„ვისაუბრეთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის იმ ღირებულებების დაცვას და უზრუნველყოფას, რაც არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, თანასწორობის უფლება. ეს ყველაფერი მოითხოვს უმაღლესი სტანდარტით დაცვას, რადგან ეს არის ის ღირებულება, რომელზეც შენდება თანამედროვე დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.