საქართველოს პროკურატურა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,გვსურს გამოვეხმაუროთ 26 ივნისს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს.
კერძოდ, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში ბოლო 3 წლის განმავლობაში გადმოგზავნილ, როგორც ჟურნალისტი განმარტავს, გამზადებულ და გამოძიებულ 95 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი თითქოს მხოლოდ 4 საქმეზე დადგა, ასევე, თითქოს უწყება კონკრეტულ საქმეებზე სხვადასხვა მიზეზით გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს ან სათანადოდ არ რეაგირებს, არის ტელეკომპანიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელებული კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში გადმოგზავნილი ანგარიშები, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, საჭიროებს დამატებით შესწავლას გამოძიების ფარგლებში. პროკურატურა ყველა ამგვარ შემთხვევაში ატარებს სრულ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას, რაც მიმდინარეობს გონივრულ ვადებში და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, ხდება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.
საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე, „საჯარო ინფორმაციაში“ გამოქვეყნებულია ინფორმაცია 2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ, სადაც მკაფიოდ არის მითითებული შედეგები და რეალური ციფრები, რომლითაც შეეძლო ტელევიზიას ეხელმძღვანელა, თუმცა, ტელეკომპანიის მიერ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად ტირაჟირება ისევ და ისევ უწყების მიმართ ცილისმწამებლური პიარკამპანიის კიდევ ერთი მცდელობაა.
უწყების ვებგვერდზე მითითებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში 2018-2021 წლების განმავლობაში 106 აუდიტის ანგარიში გადმოიგზავნა, რის საფუძველზეც გამოძიება – 91 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ 50 პირის, მათ შორის 23 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო, კერძოდ, ისეთი რანგის მოხელეების მიმართ, როგორიც არის – ქალაქის მერი, ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე, მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ა.შ.
ასევე, 2018-2021 წლებში, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 43 პირის მიმართ და არა 4 პირის მიმართ, როგორც ამას გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ იუწყება. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების საფუძველზე, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, 2018-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი 850 000 ლარი აუნაზღაურდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გადაცემის ეთერში გასვლამდე სიუჟეტის ავტორს მივაწოდეთ უწყების ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაცია და მზაობა გამოვთქვით დამატებით კითხვებზე გვეპასუხა მათი არსებობის შემთხვევაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ავტორს არც უცდია სიუჟეტისთვის მომზადებული ციფრების და ფაქტების დამატებით ჩვენთან გადამოწმება, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას და ინფორმაციის ცალმხრივად და სუბიექტურად გაშუქების მოტივაციას.
განცხადებას თან ვურთავთ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე ატვირთულ დეტალურ ინფორმაციას 2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ზოგიერთ მიკერძოებულ მედიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როგორც ჩანს რეალური შედეგები და ციფრები მათ არ აინტერესებთ.
ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობის შესუსტების მორიგ მცდელობას და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
b2b36124-infographic-31-pagenumber