ირაკლი კობახიძე: გუშინწინ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ ვიხილეთ კეზერაშვილის სიზმრები – ისინი ოცნებობენ იმაზე, რომ შედგეს „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია
“გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ ვიხილეთ კეზერაშვილის სიზმრები – ისინი ოცნებობენ იმაზე, რომ შედგეს „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
„გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ ვიხილეთ კეზერაშვილის სიზმრები და ამ სიზმრის ახსნა არის მარტივი – მათ სურთ და ოცნებობენ იმაზე, რომ შედგეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. მარტივად იშიფრება მათი სიზმრები იმ მონაცემით, რომელიც გამოაქვეყნეს. რა თქმა უნდა, ეს არის სიზმრები, ისევე როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ წინა არჩევნებიდან, რომ ვერასდროს ახერხებდნენ შედეგების გამოცნობას. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ეს კვლევები არის პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი. „ედისონმა“ ეგზიტპოლი მიუახლოვა შედეგს. კვლევებში ჰქონდა აცდენა, უხეშად ცდებოდნენ ხოლმე და ეგზიტპოლი ცოტა მიუახლოვეს. რაც შეეხება IPSOS-ს, მათ საერთოდ 40% დაწერეს ეგზიტპოლშიც კი. ყველამ იცის რომ ეს ციფრები იწერება კონკრეტულ კაბინეტებში. თუ კახა კალაძე მერობის კანდიდატი იქნება, ის პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამაში და დარწმუნებული ვარ, ასეთია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც“, – განაცადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა შორის 32%-ით კახა კალაძე ლიდერობს, ნიკა მელიას – 17% აქვს, გიორგი გახარიას კი – 15%.