გიორგი გახარია ფიონა ჰილს შეხვდა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აშშ-ის პრეზიდენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ბრუკინგსის ინსტიტუტში უფროს მკვლევარ ფიონა ჰილს შეხვდა, – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და იმ ახალ, საფრთხისშემცველ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში შეიქმნა. გიორგი გახარიამ ფიონა ჰილთან პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აუცილებელ გასატარებელ რეფორმებს და ღონისძიებებზე ისაუბრა.
დისკუსიისას ხაზი გაესვა ფართე შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთვის უსაფრთხოების ჭრილში საკუთარი როლის განმტკიცების მნიშვნელობასა და ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ ქვეყნის გეო სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების აუცილებლობას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ასევე შეხვდა გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარ ჯონათან კაცს, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს თემატიკაზე მუშაობს.