“ფუნქციადაკარგული ეუთო, ეტყობა, საქართველოს ხარჯზე ცდილობს დაზიანებული სახის გამოსწორებას” – ზაალ ანჯაფარიძე
“ფუნქციადაკარგული ეუთო, ეტყობა, საქართველოს ხარჯზე ცდილობს დაზიანებული სახის გამოსწორებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
კერძოდ, ანალიტიკოსი დიდი ბრიტანეთისა და კიდევ 23 ქვეყნის ინიციატივით საქართველოსთან მიმართებით ამოქმედებულ, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმს” აფასებს.
“კიდევ ერთხელ, ეუთოს 24 ქვეყნის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ინიცირებულ ე.წ. “მოსკოვის მექანიზმზე.”
დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ მოცემულობის, რომელიც ეუთოში შეიქმნა დაახლოებით ბოლო 5-6 წლის მანძილზე, როდესაც კოლექტიური დასავლეთის მიერ თითქმის სრულად მოხდა ამ ორგანიზაციის რესურსების ათვისება და მათზე კონტროლი.
2024 წელს, საქართველოს კარგად ადმინისტრირებულ და რეალურად კონკურენტულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისას, ეუთო/ოდირის მისიამ ვერ გაბედა(რეპუტაცია რომ არ დაეკარგა), რომ არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინა, რასაც მისგან ალბათ ელოდნენ. სამაგიეროდ, დაწერა ისეთი დასკვნა, რომელსაც ოპოზიცია დღემდე ღრღნის, დასამშვიდებლად მიგდებული ძვალივით.
ეხლაც, ფუნქციადაკარგული ეუთო ეტყობა საქართველოს ხარჯზე ცდილობს დაზიანებული სახის გამოსწორებას. დაწერენ რაღაც ოპუსს, დამკვეთები ჩაარედაქტირებენ და გამოაცხობენ ფეიქ-დოკუმენტს, რომელიც შემდგომში იქნება საქართველოზე სანქციების ერთერთი საფუძველი, ასევე მინავლებულიბ პროტესტისთვის მორიგი სანთებელა
აქ გამახსენდა ლორა თორტონის ბოლო ინტერვიუ, სადაც ამბობს რომ “მე ვარ ერთი ხმა ხმათა გუნდშიო…” სწორედ ეს “ხმათა გუნდია,” ბოლო წლები გავეშებული რომ ცდილობს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გვერდის ავლით და ძალადობით”, – წერს ანჯაფარიძე.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთისა და კიდევ 23 ქვეყნის ინიციატივით, საქართველოსთან მიმართებით ეუთოს (OSCE) „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. აღნიშნული ნაბიჯი “საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შეფასებას და შესაბამისი ფაქტების დადგენას ისახავს მიზნად”.