ნათია გოგიძე: ისრაელის ბაზარი ჩვენი სასტუმროებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 (International Mediterranean Tourism Market) მასშტაბური სტენდითაა წარდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს, რაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ახალი კავშირების დამყარებას ემსახურება.
გამოფენის მიმდინარეობას ბათუმში მდებარე სასტუმროების „Grandera“-სა და „White Sails“-ის წარმომადგენელი ნათია გოგიძე დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კერძო სექტორისთვის IMTM 2026-ში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ისრაელის ბაზარი სასტუმროებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც ყოველდღიურ ტურისტულ ნაკადებსა და სეზონურ დატვირთვაზეც მკაფიოდ აისახება.
გოგიძის შეფასებით, გამოფენაზე კერძო სექტორის აქტიურობამ და პარტნიორების მხრიდან ინტერესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ბაზრის მაღალი პოტენციალი საქართველოსთვის. მისი თქმით, სასტუმროები, რომლებიც ისრაელელი სტუმრების საჭიროებებსა და მოლოდინებზე არიან მორგებული, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ და ეს რეალურ შედეგებშიც აისახება.
„ჩვენთვის ისრაელის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრ ისრაელელ სტუმარს ვმასპინძლობთ… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გამოფენაზე ჩამოსვლა და საკმაოდ კარგი შედეგებით მივდივართ აქედან, არსებულ პარტნიორებთან გავამყარეთ ურთიერთობები, საკმაოდ ბევრი ახალი პარტნიორი გავიცანით და იმედი გვაქვს, რომ კარგი სეზონი გველოდება წინ“, – აღნიშნავს ნათია გოგიძე.
თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია და მას წელს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართული პროდუქტები დააგემოვნონ და ქვეყნის კურორტებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.