თემო მაჭარაშვილი: საქართველოს სტენდი IMTM 2026-გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის 30-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად, ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიები ისრაელელ პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საქართველოს მიმართ უპრეცედენტო ინტერესზე საუბრობენ.

ტურისტული კომპანია „Travel Bee“-ს წარმომადგენელი თემო მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ IMTM 2026-ზე საქართველოს სტენდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოთხოვნადია. მისი შეფასებით, მიმდინარე გამოფენა ბოლო წლებში გამართულ მსგავს ღონისძიებებს შორის ინტერესის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მაჭარაშვილის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა ათეულობით შეხვედრა გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან და ინდივიდუალურ ტუროპერატორებთან, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების გამოგზავნით არიან დაინტერესებულნი.

„ინტერესი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოლო გამოფენებს რომ შევადაროთ ისრაელიდან. დადასტურებულად ვიტყვი, რომ ჩვენ შევხვდით 30-ზე მეტ პარტნიორსა თუ ინდივიდს, რომლებიც არიან დაინტერესებული, რომ ტურისტები გამოაგზავნონ საქართველოში. რომ მიმოვიხედოთ და შევხედოთ სხვა სტენდებს, საქართველოს სტენდი გამორჩეულად აქტიურია“, – აცხადებს თემო მაჭარაშვილი.

IMTM 2026-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ქართული პროდუქტები დააგემოვნონ და საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.

ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმას წარმოადგენს. IMTM 2026-ს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები არიან წარმოდგენილი. გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობა მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რაც ქვეყნის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები