”პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას.
„პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის, არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებსა და არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, ყველა მხარე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა, რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ ეს იყო კრისტიან დანიელსონის გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი“, – განაცხადა კობახიძემ.