ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა – ენერგოომბუდსმენის განმარტება

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების ცვლილება მომხმარებლების ინტერესზეა მორგებული და ეს მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს.
ამის შესახებ ვარდიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვარდიაშვილმა განმარტებები ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ გააკეთა.

ენერგეტიკის სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს პირდაპირ უნდა შეეხოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა ამის შესახებ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მიიღონ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

პირველი ივლისიდან მომხმარებლებს აღარ მოემსახურებიან ის კომპანიები, რომლებიც აქამდე ემსახურებოდნენ. დავიწყოთ იქედან, რომ იცვლება კომპანიის დასახელებაც. მომხმარებელი რომ შეცდომაში არ შევიდეს, უნდა ვთქვათ, რომ თბილისის არეალში ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიას ერქმევა „თელმიკო”, ხოლო რეგიონების შემთხვევაში კომპანიას ერქმევა „ეპ ჯორჯია მიწოდება“.
თქვენ იცით, რომ ჩვენ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ვართ. შესაბამისად, სრულ ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეთ ნებისმიერი ტიპის ნორმატიულ აქტთან, რომელსაც ასეთ ტიპის ორგანიზაციაში გაწევრიანება გვავალებს. კანონმდებლობის თვალსაზრისით, ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადავდგით. ახლა ეს პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ. ეს გარდაუვალი პროცესია. აუცილებელიცაა იმიტომ, რომ ეს, ძირითადად, მომხმარებლის ინტერესზეა მორგებული და ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებელმა მეტი სარგებელი მიიღოს“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სიახლის ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგეტიკაში ქსელური, გამანაწილებელი საქმიანობა და მიწოდების საქმიანობა ერთმანეთისგან გაიმიჯნება.

როგორც ვარდიაშვილმა განმარტა, ბაზარზე სხვა მიმწოდებლებიც გაჩნდებიან, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ.

„პირველი ივლისიდან ახალი მიმწოდებლები გვეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკაში ქსელური საქმიანობა და მიწოდების საქმიანობა ერთმანეთისგან გაიმიჯნება. აქამდე სრული მონოპოლისტები გვყავდნენ, რომლებიც ახორცილებდნენ როგორ ქსელურ საქმიანობას, განაწილების თვალსაზრისით, ასევე, მიწოდების საქმიანობას. 1-ელი ივლისიდან ქსელური საქმიანობა მიწოდებას გაემიჯნება და, წესით, ბაზარზე სხვა მიმწოდებლებიც გაჩნდებიან, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ. თქვენ იცით, რომ მონოპოლისტური საქმიანობა ყოველთვის არის უარესი, ვიდრე – კონკურენტული. ამიტომაც, ყოველთვის ვამბობდით, რომ უკეთესი იყო, ენერგეტიკის სექტორში რაღაც ტიპის კონკურენცია ყოფილიყო, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეძლებოდა. თავად კომპანიები კი საუკეთესო მომსახურების მისაწოდებლად ყოფილიყვნენ დაინტერესებულები. ასე რომ, ეს ცვლილება, რასაკვრიველია, მომხმარებლის ინტერესზეა მორგებული და ეს მათთვის მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს. ასეთი ტიპის ცვლილებას დადებითად ვაფასებ. სრულად ვარ ჩართული ამ პროცესში და ვიცი, რომ პროცესი მარტივი არ იქნება იმ თვალსაზირისით, რომ იქნება ბევრი გაუგებრობა და უკვე, ალბათ, ასეთი ტიპის გაუგებრობები არის. ბევრი შეკითხვა იქნება, შესაბამისად, ჩვენი სამსახური მთლიანად მომზადებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ამ პერიოდში, შეკითხვები სოციალური ქსელის ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის მეშვეობით მივიღოთ. ასევე, კონსულტაციებისთვის პირადად მოსულ მომხმარებლებს სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება და როგორ უნდა მოვიქცეთ.

ერთი აუცილებლად უნდა იცოდეს მომხმარებლებმა, რომ „თელასი“ აღარ იქნება ის კომპანია, რომელიც მათ უშუალო მომსახურებას გაუწევს.

1-ელ ივლისამადე ანგარიშსწორება „თელასთან“ მოხდება. ენერგეტიკაში გვაქვს ციკლები. აღრიცხვიანობა ციკლურობის მიხედვით ხდება. შესაბამისად, 1-ელ ივლისამდე „თელასთან“ საბოლოო ანგარიშის გასწორებას ყველა ვერ მოასწრებს. ამიტომაც, ეტაპობრივად მივა როგორც „თელასის“ მესიჯები, ასევე, „თელმიკოს“ ქვითრების გაგზავნაც დაიწყება. მომხარებელი ამის გამო არ უნდა დაიბნეს“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფები არ შეიცვლება.

„ამ ეტაპზე, ტარიფების ზრდა არ იგეგმება. ეს მომხარებლისთვის არანაირი ხარჯი არ იქნება”, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
ტარიფთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამაც გაავრცელა.
„სემეკ-ი ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება.

ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია, ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს“, – წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ზემოთაღნიშნული ცვლილება, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად განხორციელდა.

„თბილისში “თელასის” ნაცვლად მოსახლეობასა და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო), ხოლო რეგიონებში “ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად – “ეპ ჯორჯია მიწოდება”.

“თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო) და “ეპ ჯორჯია მიწოდება” წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს“, – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები