კობახიძე – მოსამართლეთა დანიშვნაზე: ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციასა და შარლ მიშელის დოკუმენტს, ვნახავთ, თუ რა წერია ერთში და მეორეში, ვიმოქმედებთ შესაბამისად
„ჩვენთვის ამოსავალია ორი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია და შარლ მიშელის დოკუმენტი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ორი დოკუმენტის შესაბამისად იმოქმედებენ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა მიუღებელია.
„ჩვენთვის ამოსავალია ორი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია და შარლ მიშელის დოკუმენტი. შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ერთხელ წავიკითხავთ, თუ რაიმე არ გვახსოვს, რა წერია, წავიკითხავთ და განვმარტავთ. ამის გაკეთება, ანალოგიურად, ყველას შეუძლია. იგივე ხდება კონსტიტუციაში, არ მახსოვს, კონსტიტუციაში მოსამართლეების არჩევაზე რა წერია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა არის მიუღებელი, ყველას მოვუწოდებდი, თავი შეიკავონ დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.