ხათუნა ლაგაზიძე: აშკარაა, რომ დასავლეთიც, ქართველი ხალხისა არ იყოს, ხელის ცეცებით ეძებს საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სტაბილური პარტნიორის იმიჯი ექნება

“თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ვინმე საგნობრივად საუბრობს ამაზე ან ემზადება? “ქართული ოცნების” მთავარ საზრუნავად იქცა, რომ მომავალ არჩევნებში როგორმე აიღოს 43%, მაგრამ საკითხავია, ოპოზიციის ნაწილს უნდა და აწყობს კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რეალური, ძლიერი, კვალიფიციური ალტერნატივა თითქმის არ ჩანს პოლიტიკურ სპექტრში, ეს კი ამომრჩევლის იმედგაცრუებას იწვევს.

“პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მორალურად დაბერდა, გაცვდა… ამაში პოლიტიკოსთა მორალს კი არ ვგულისხმობ, არამედ – მათი რესურსებისა და ენერგეტიკისგან დაცლას. ეს შეეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე – ოპოზიციას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთგვარი ტაიმ-აუტი ავიღე ოპოზიციის კრიტიკაზე, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არანაკლებ უსარგებლოა ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ვიდრე – ხელისუფლება. ამიტომაც არის ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე. რეალური, ძლიერი, კვალიფიციური ალტერნატივა თითქმის არ ჩანს პოლიტიკურ სპექტრში, ეს კი იწვევს ამომრჩევლის იმედგაცრუებას.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ძველ დროში ჩარჩა და ფეხი ვერ აუწყო ახალ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რასაც ქმნის არა მხოლოდ ქვეყანაში შექმნილი გარემო, არამედ ინფორმაციის გავრცელების საშუალებების გლობალური ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელები, იმიჯის ფორმირებისა თუ ნგრევის ახალი პარადიგმები, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ, ინტერაქტიულ ფორმებს მოითხოვს. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფრისთვის ფეხი აეწყოთ, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტნენ. გამაოგნებელია, რა თემები გვესმის მათგან, ხალხის პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება.

ადრე ვამბობდით ხოლმე, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდები ხელისუფლებაში ყოფნის მე-7-მე-8 წელს პარალელურ რეალობაში ინაცვლებდნენ, სადაც, თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ცალკე არსებობდნენ და ხალხი ცალკე რჩებოდა. დღეს მივიღეთ უცნაური მოცემულობა, როდესაც ხალხი სხვაგან ცხოვრობს და ოპოზიცია – სხვაგან. ეს დამღუპველია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ თუ ხელისუფლების ალტერნატივა არ გამოჩნდა, უფრო მეტად ჩავეფლობით ჭაობში.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ვინმე საგნობრივად საუბრობს ამაზე ან ემზადება? საერთოდ სისტემაა შესაცვლელი. ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ლოზუნგით: “მაქსიმალური დეცენტრალიზაცია და ძალაუფლება ადგილებზე!” გადაწყვეტილების მიღების ცენტრები უნდა გადავიდეს მუნიციპალიტეტებში, თემებში… ეს მოსპობს ავტორიტარიზმს ქვეყანაში და კონფლიქტებსაც შეამცირებს.
“ქართული ოცნების” მთავარ საზრუნავად იქცა, რომ მომავალ არჩევნებში როგორმე აიღოს 43%, მაგრამ საკითხავია, ოპოზიციის ნაწილს უნდა და აწყობს კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალების უმრავლესობას აღარც რესურსი აქვს, არც ენერგეტიკა და ავტორიტეტი იმისთვის, რომ ვადამდელ არჩევნებზე ისეთი მხარდაჭერა მაინც მიიღოს, როგორიც 2020 წელს მიიღო. ამიტომაც, ვფიქრობ, იქ შესული პარტიების დიდ ნაწილს სულაც არ უნდა, რომ ეს პარლამენტი დაიშალოს.

გახარია საინტერესოა რამდენიმე ფაქტორით. აშკარად დიდია გახარიასა და მისი პოლიტიკური ძალისადმი დასავლელი პარტნიორების ინტერესი. ორი დღის წინ ვხუმრობდი, გახარია პრემიერის რანგში არ შეხვედრია ამდენჯერ უცხოელებს, რამდენჯერაც ოპოზიციონერის ამპლუაში ხვდება-მეთქი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ჩვენი ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის დამსახურებაა, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში დიდი ნდობით სარგებლობს, ან შეიძლება ლობისტებიც დაიქირავეს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მის მიმართ ინტერესი რეალურია. ბრიუსელში წასვლამდე, აგერ, საქართველოში, ფილიპ რიკერი შეხვდა გახარიას, მის დასაცავად კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰარცელმა განცხადება გააკეთა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც გახარიაზე ამოსდით მზე და მთვარე, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლეთიც, ქართველი ხალხისა არ იყოს, ხელის ცეცებით ეძებს საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სტაბილური პარტნიორის იმიჯი ექნება, ვითარების სასიკეთოდ შეცვლას შეძლებს და, ამასთანავე, ცვლილების შემთხვევაში, ქვეყანაში სტაბილურობასაც შეინარჩუნებს. ამ თვალსაზრით სიამოვნებით დაელაპარაკებიან ყველა ახალ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალას.

მოკლედ, გახარიასადმი არსებობს ინტერესი, გარკვეული იმედიც. როგორ გაამართლებს ამ ყველაფერს, მხოლოდ მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, გახარიას პოლიტიკური გუნდი დღეს უფრო ქამელეონია. ამომრჩეველმა ჯერ ვერ გაარკვია, რა პოზიცია აქვს ამ გუნდს და რომელი ნიშის დაკავებას აპირებს. ჩანს, გახარიას სურს, ბიძინა ივანიშვილს თავი შესთავაზოს, როგორც დღევანდელი “ოცნების” უკეთესმა ალტერნატივამ – მისი ინტერვიუებიდან ეს გამოიკვეთა, მაგრამ, ამასთანავე, “ქართულ ოცნებას” ძალიან უნდა, გახარია ოპოზიციური ამომრჩევლის ფლანგზე გადაიყვანოს, თუმცა ის ჯერჯერობით კატეგორიულად არ მუშაობს ოპოზიციის ამომრჩევლის მისამხრობად, სამაგიეროდ, მუშაობს “ქართული ოცნების” ამომრჩევლის გადასაბირებლად… თუ მმართველმა პარტიამ სერიოზულად “მოჭიმა” თავისი ამომრჩეველი და ადმინისტრაციული რესურსი, გახარიას მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება. ბიძინა ივანიშვილის განცხადების მთავარი მიზანი ხომ სწორედ ის იყო, რომ ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან მომხრეთა გადინება შეეკავებინა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები