მონაკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, მონაკოში, სასტუმროში – Le Meridian ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხუთი ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები სომელიეებმა განსხვავებულ კერძებთან ერთად დააგემოვნეს და შეაფასეს. ღონისძიებას 95 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, დარგის ექსპერტები, სომელიეები, პოტენციური იმპორტიორები და საერთაშორისო ასოციაციის Epicure Club Monaco წარმომადგენლები.
დეგუსტაცია-სემინარი საერთაშორისო ასოციაციის Epicure Club Monaco და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის LE PONT CAUCASIEN ორგანიზებით განხორციელდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.