გერმანელი ფოტოგრაფის თომას დვორჟაკის წიგნი “სოჭს მიღმა”
სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 1 დღით ადრე, თბილისის ფოტოფესტივალი ცნობილი ფოტოსააგენტოს “MAGNUM“-ის წევრის, გერმანელი ფოტოგრაფის თომას დვორჟაკის ახალი წიგნის – “სოჭს მიღმა” პრეზენტაციას გამართავს.
გერმანელი ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ჩრდილოეთ კავკასიას იღებს, ის თბილისშიც ხანგრძლივად ცხოვრობდა. 2012-2013 წლებში ჟურნალ “National Geographic“-ის შეკვეთით თომას დვორჟაკმა მთელი ჩრდილოეთ კავკასია გადაიღო. პროექტის მიზანი იმ რეგიონის ერთგვარი კვლევა იყო, რომელიც 2014 წლის თებერვალში სოჭის ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.
თომას დვორჟაკის ფოტოების ეს სერია, რომელიც პროექტში – “სოჭს მიღმა” გაერთიანდა, ერთგვარი ვიზუალური დღიურია და ჩრდილოეთ კავკასიის მთელ რეგიონში ფოტოგრაფის მოგზაურობას ასახავს. ფოტოების ამ სერიაში ასევე Iphone-ით გადაღებული მასალაც გაერთიანდა. ფოტოები ორიგინალური ფორმით ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონის რუკების სახით გამოიცა. რუკებს თან ახლავს უილიამ დანბარის ტექსტი, რომელიც ტურისტული გიდია მათთვის, ვისაც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდება. თითოეული წიგნი 28 რუკას და მათზე განთავსებულ ასობით ფოტოს აერთიანებს. თომას დვორჟაკის “სოჭს მიღმა” შეზღუდული რაოდენობით დაიბეჭდა. წიგნის პრეზენტაცია 2014 წლის თებერვალში თბილისში, პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში და მოსკოვში გაიმართება.
წიგნი სააგენტო “Magnum“-მა და გამომცემლობა“ SeritiM“ -მა გამოსცა.