რა ქონებას ფლობენ “ახალი” დეპუტატები და ვინ აჩუქა ნიკა მაჭუტაძეს 2000$-იანი საათი

პარლამენტმა სრულფასოვანი მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვინც ხალხის მხარდაჭერით მანდატები მოიპოვა, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთო და ამომრჩევლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების პირნათლად გამოყენება დაიწყო.
“კვირა” დაინტერესდა, ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ე.წ. ახალი დეპუტატები. მათ შორის, “კარგად დავიწყებული ძველებიც”. საწყის ეტაპზე 3 კანონმდებელი შევარჩიეთ, რომლებიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან.

1. ლევან იოსელიანი – იურისტი და პოლიტიკოსი, საკანონმდებლო ორგანოში პარტია “მოქალაქეების” კვოტით შევიდა. ის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ლევან იოსელიანი 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი. 2000–2001 წლებში იყო „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2001–2008 წლებში – იურიდიული კომპანია „ასლანიშვილი და იოსელიანის“ დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი იურისტი. 2008–2016 წლებში დააარსა „ლევან იოსელიანის“ იურიდიული კომპანია. 2018 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა“. 2020 წლიდან კი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.
რაც შეეხება მის ქონებას, 2021 წლის 10 თებერვალს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია 2007 წელს 126 000 აშშ დოლარად შეძენილი 180 კვ.მ. მშენებარე ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე. ამასთან, მისი მეუღლის, თეა ნასარიძის სახელზეა 2020 წელს, 68 000 აშშ დოლარად შეძენილი 1398 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კიკეთში. ამის პარალელურად, ლევან იოსელიანი ფლობს: 2 მსუბუქ ავტომობილს – 2012 წელს 9000 აშშ დოლარად შეძენილ Toyota Corolla-სა და 2013 წელს 20 000 აშშ დოლარად შეძენილ Toyota RAV4-ს და ერთ მოტოსატრანსპორტო საშუალებას – სკუტერს, რომელიც დეპუტატმა 2020 წელს 700 აშშ დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტის სპიკერის მოადგილე ასევე ფლობდა: “თიბისი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 7164 ლარსა და ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 700 აშშ დოლარს. ხოლო “პროკრედიტ ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 20 855 ლარს. მისი მეუღლე, თეა ნასარიძე კი “თიბისი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 10 706 ლარს ფლობდა, ამავე ბანკის შემნახველ ანგარიშზე – 35 487 აშშ დოლარი, ხოლო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა. ნაღდი ფულის სახით კი ინასარიძეს ქონების გაყიდვით მიღებული 25 000 აშშ დოლარი ჰქონდა. იოსელიანის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2020 წელს დეპუტატმა საკუთარ პარტიას 40 000 ლარი შესწირა.

2. ნიკა მაჭუტაძე საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”-ს კვოტით გასული დეპუტატია. ის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.
როგორც მაჭუტაძის მიერ 2021 წლის 10 თებერვალს წარდგენილ დეკლარაციაში ვკითხულობთ, მის საკუთრებაშია ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში 2017 წელს მემკვიდრეობით მიღებული 12500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და 200 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. დეკლარაციის შევსების მომენტში ნიკა მაჭუტაძე ფლობდა: „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 400 ლარს და ნაღდი ფულის სახით 30 000 ლარს. ამასთან, ნიკა მაჭუტაძემ 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარტიის თავმჯდომარის საქმიანობიდან შემოსავლის სახით 60 000 ლარი მიიღო. დეპუტატს დეკლარაციაში არც 2 000-დოლარიანი ნაჩუქარი საათის მითითება დაავიწყდა, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით, მეგობარმა უანგაროდ გადასცა. თუმცა დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობის მითითება სავალდებულო არაა, შესაბამისად დოკუმენტში არ წერია თუ ვინ უსახსოვრა ნიკა მაჭუტაძეს ძვირადღირებული საათი. “კვირა” მასთან დაკავშირებას შეეცადა თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

3. გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით მოხვდა, ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სარგებლობს და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრია. გიორგი ხოჯევანიშვილს 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი კომპანია „მაგთიკომში” მუშაობდა. 2018 წლამდე ის შპს „ჯეო ფრუტის” – დირექტორი იყო, თუმცა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის მიღების შემდეგ, მას კომპანიიდან წამოსვლა მოუწია და თანამდებობა სიმონ ხოჯევანიშვილს გადააბარა.
2020 წლის 29 სექტემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:
• შპს „ფრუტ ექსპორტ კომპანი” – 100%;
• შპს „ჯი ენ კა გრუპი” – 75%;
• შპს „ჯეო ფრუტ პროდაქშენი” – 50%;
• შპს „ვესტს ლოჯისტიკს” – 15%;
• შპს „გაზლენდი” – 100%; •
შპს „დეკერს ჯორჯია” – 20%;
• შპს „მაქსიმუმი” – 50%;
გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე, ფლობს გორის რაიონის სოფელ კარალეთში 2 მიწის ნაკვეთს 30 და 34 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს, გარდაბანში ბაგების სატყეო უბანში 60 000 აშშ დოლარად შეძენილ 750 კვ.მ. მიწის ნავეთს. ამასთან, 104 კვ. მ ბინას თბილისის პრესტიჟულ უბანში, ავტოფარეხსა და1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში – წავკისში. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ხოჯევანიშვილს საჩუქრებით საკმაოდ ანებივრებენ, რადგან უმეტესობა მათგანი სწორედ ამ გზით აქვს მიღებული. დეკლარაციის შევსების მომენტში დამოუკიდებელ დეპუტატს ნაღდი ფულის სახით დანაზოგი 70 000 ლარის ოდენობით ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები