“როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია, სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენის პროცესი დასრულებული არ არის.
„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს ზუსტად ეკონომიკური აგენტების მოლოდინი ასრულებს. მოგეხსენებათ, 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როცა, პანდემიის დაწყებასთან ერთად, ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი, ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება.
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანამ სოლიდური დახმარებების პაკეტი მიიღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ამ პროცესში ჩვენი როლი იყო, რომ ეს უცხოური ვალუტის დაფინანსება მოგვეხვედრებინა ბაზარზე და ამით ნაწილობრივ შეგვერბილებინა ის დანაკლისი, რაც ეკონომიკამ განიცადა, ძირითადად, ტურისტული შემოსავლების კლების სახით. ხოლო ამ ინტერვენციების მიზანი იყო, გავლენა როგორც ფასებზე, ისე ფინანსურ სტაბილურობაზე მაქსიმალურად შეგვემცირებინა. გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია, სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. წლის დასაწყისში, წელს უკვე 254 მლნ დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული და ამას წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ წლევანდელი წელი უკეთესი იქნება, ვიდრე – შარშანდელი. თუმცა, თუ შეიცვალა სიტუაცია და დადგა მეტი ინტერვენციის შესაძლებლობა, შარშანდელის, ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს აქვს, მაგრამ იმედია, ამის საჭიროება არ დაგვიდგება“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.