ნიკოლოზ სამხარაძე – „საქართველოსა და იაპონიის ღირებულებათა თანხვედრის გამო, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ ერთმანეთისთვის”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას უსმენს, რომელიც საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილებს ყურადღებას, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„იაპონია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დონორი სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება ეკონომიკურ სფეროს, განათლებას, კულტურას.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, თუ რა არის იაპონიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, როგორ ხედავენ ისინი ურთიერთობას სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოსთან, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის დისტანცია არის ძალიან დიდი, ამ ღირებულებათა თანხვედრის გამო, ჩვენ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ერთმანეთისთვის”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ახალი ფორმატი დანერგა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები