ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად
„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც მან ბაქოდან პრემიერს დაურეკა და დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა, პასუხად მიიღო, რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას.
„მისგან პასუხი მივიღე, რომ ეს შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. ეს იყო მისი პოზიცია, რაც მე გამიკვირდა, საერთოდ გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია, კიდევ ერთელ გავიმეორებ. ეს იყო შეცდომა თუ შეცდომები მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ, რადგან ახალ შეთქმულებაში უნდა გადავიდე,“ – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, იყო ეს შეცდომა თუ დანაშაული და რა შეიძლება, ყოფილიყო მოტივი, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ მოტივს გააჩნია.
„მოტივი შეიძლება, ყოფილიყო დაახლოებით ისეთი, რაც იყო 17–18 თებერვალს. ანუ ის შეიძლება მოქმედებდა გარკვეული გავლენებით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მას აქვს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან, იმასთან თუ ამასთან, მე ეს არ ვიცი, ამაში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია ის, რომ ლოგიკურად არსებობდა გარკვეული გავლენები, 17–18 თებერვალს პირდაპირი დამთხვევა, ორი დღე, ეს წარმოუდგენელი იყო, სხვა შემთხვევებშიც გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი არსებობდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ან შესაძლოა, ის მოქმედებდა გავლენებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ გახარიას განცხადებასაც უპასუხა იმის შესახებ, თითქოს 20 ივნისს პარლამენტის შენობა დეპუტატებისგან დაცლილი იყო.
„როცა სიმართლე შენს მხარეს არ არის, მაშინ გადადიხარ არაეთიკურ გამონათქვამებზე. სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერი აკეთებს ამას. თითქმის ყველა დეპუტატი იყო იქ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.