თურქეთის ელჩი: ჩვენ პატივს ვცემთ არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ – მათ სუვერენიტეტს

“ჩვენ პატივს ვცემთ არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ – მათ სუვერენიტეტს”, – ამის შესახებ თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ომის მნიშვნელობა მისი შედეგია, დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის.

,,თურქეთი ყარაბაღის ომში მხარე არ ყოფილა. აზერბაიჯანის ტერიტორიული­ მთლიანობა დარღვეული იყო და მისი რეგიონები – ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დარღვეულია. პრინციპები, რა თქმა უნდა, არსებობს,­ თუმცა, თურქეთი ომის მონაწილე­ არ ყოფილა. ომი დასრულდა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობა გრძელდება; არის ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მონაწილე თურქეთი არ არის. ჩვენ, ისევე, როგორც საქართველოს, გვინდა, ომის შემდგომ პროცესი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებით წარიმართოს…

საქართველო-აზერბაიჯანის ურთ­იერთობა საუკუნეებს ითვლის. მეორე­ მსოფლიო ომში აზერბაიჯანი და საქა­რთველო მხარდამხარ იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ; 1918 წელს ერთ შენობაში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და ამ საკითხებში ჩარევა არცერთ მხარეს არ უთხოვია. ვფიქრობთ, თქვენ შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა შესაძლებელს გახდის პრობლემების ადვილად მოგვარებას. ჩვენ პატივს ვცემთ არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათ სუვერენიტეტს.

დიახ, ერთი ერი, თუმცა – ორი სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენი საქმე გაქვს, მე – ჩემი. შენ შენს სახლში ხარ, მე – ჩემსაში. ზემოთ ვახსენე,­ რომ ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქა­რთველო-თურქეთის ურთიერთობა და ამისთვის ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ვფიქრობ, ანალოგიური საფრთხე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც­ ემუქრება – შესაძლოა, ამ ურთიერთობის გაფუჭებაც სცადონ. თუ ჩვენ საფრთხე დავინახეთ, ორივე მოძმე ქვეყანას გავაფრთხილებთ… ყველა ქვეყანას შორის არის შეუთანხმებელი საკითხები, თუმცა ამან არ უნდა იმოქმედოს ურთიერთობის საერთო საფუძველზე. როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი საბჭოეთის დროს ოკუპაციის პრობლემას შეეჯახა, ამიტომ ორივე მხარე გაგებით უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას და წინ ერთობლივი ინტერესები დააყენოს. ამ საკითხზე ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა და, დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მიაღწევენ, თუ გარედან არავინ ჩაერია…

ქართველ ხალხს რომ ინფორმაცია მივაწოდო, ვიტყვი: 1-ლი მსოფლიო ომის შემდეგ დაიდო “ლოზანის ხელშეკრულება” და გაფორმდა თურქეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მანამდე თურქეთის ტერიტორიები ოკუპირებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ. “ლოზანის ხელშეკრულებით” მსოფლიოს რუკაზე დადგინდა თურქეთის საზღვრები. შემდგომ იყო ჰატაის პლებისციტი, რომლითაც თანამედროვე თურქეთის ტერიტორია განისაზღვრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი, სტალინის ხელმძღვანელობით, დაემუქრა თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას…

ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის პოლიტიკა მიზნად ისახავდა ახლო აღმოსავლეთში სატელიტი სახელმწიფოების შექმნას და ამგვარად თურქეთზე ზეწოლას.­ ამ მიზნით საბჭოთა კავშირმა ერაყში ქურთების სახელმწიფოს შექმნა სცადა, სირიაში – “ბაასის” რეჟიმის (“ბაასი” – არაბულად “აღორძინება”, არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის გავრცელებული სახელი) გამოყენება და მხარს უჭერდა თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს­. 1970 წლიდან დაიწყო სომხური ორგანიზაცია “ასალას” მიერ თურქი დიპლომატების მკვლელობათა სერია. ამ ორგანიზაციას თურქეთში დასავლეთ სომხეთის სახელმწიფოს შექმნა სურს. ამის შემდეგ საბერძნეთშიც გამოჩნდნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც პრეტენზიას უკვე შავ ზღვაზე აცხადებდნენ, პონტო ჩვენიაო.

საბჭოთა პერიოდში თურქეთში გააქ­ტიურდა PKK (ქურთ მუშათა პარტია), რომელსაც აშშ, ევროკავშირი და თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. სირიაში PKK-ს ორგანიზაციაა YPG, რომელსაც აშშ ოფიციალურად მხარს უჭერს. დღეს ასევე ვხედავთ, რომ PKK-ს ლიდერშიფი ევროკავშირის პარლამენტში მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობს. დაბოლოს, მოწმენდილ ცაზე სომხეთი იღებს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს, სადაც მიუთითებს “სევრის” ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, თურქეთის მოქალაქეებმა ამ ფაქტების შესახებ იციან, ჩვენ აქ ვცხოვრობთ თით­ქმის 1000 წელია და არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის ვიცხოვრებთ ჩვენს კუთვნილ მიწაზე, ტერიტორიაზე, რომელიც ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებით დადგინდა! სწორედ 1924 წელს ამ ხელშეკრულების შემდეგ იწყება პერმანენტული თავდასხმები თურქეთზე ტერიტორიული პრეტენზიებით,”- განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოდის, ერთადერთი ქვეყანა სამეზობლოში, რომელიც ტერიტორიებზე პრეტენზიას არ აცხადებს, საქართველოა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსადავებელი ბევრი იყოს… ჩვენ დიდგორის გამარჯვებასაც არ აღვნიშნავთ სათანადოდ, ელჩმა განაცხადა, რომ დიდგორობის აღნიშნვა ორ ქვეყანას ერთადაც შეუძლია.

,,დიდგორობის კარგად ახსნა­ რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ… დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ – მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? – ქვეყნის გამთლიანება.

ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვახსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვზეიმობთ?

როდესაც ჩვენ ვამბობთ, მტერზე გავიმარჯვეთო, ამით მტრობას ვკვებავთ და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. თუ მტერზე გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს განმტკიცება, მაშინ რატომ არ ვამახვილებთ ასეთ ყურადღებას სხვა ბევრ ომზე, რომლებიც საქართველოს მოუგია?

სოციალურ დონეზე ისტორიის გამოყენება იწვევს მეტ მღელვარებას და უფრო ემოციურ დამოკიდებულებას. 1000 წლის წინანდელი გამარჯვების აღნიშვნა და ისტორიის ცოდნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ მნიშვნელობას მხოლოდ წარსულს მივანიჭებთ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღით არ ვცხოვრობთ. გამარჯვება ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ისე, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი­ მაშინდელი მოწინააღმდეგე და არ მივცეთ საშუალება დესტრუქციულ ძალებს, ეს პროპაგანდისათვის გამოიყენონ. დღეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის ენა,”- განაცხადა თურქეთის ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები