თურქეთის ელჩი: ქვეყანაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს ერდოღანმა “ექვსთა პლატფორმაზე” საუბრისას განაცხადა, რომ “საქართველო რეგიონში გასაღებია”
“თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა “ექვსთა პლატფორმაზე” საუბრისას განაცხადა: “საქართველო რეგიონში არის გასაღები!”, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 1921 წელს ნატო არ იყო, თუმცა, თურქეთი საქართველოსთან დაკავშირებით ისეთივე პოლიტიკას ატარებდა, როგორსაც დღეს. ათათურქის პერიოდში ეს პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ისახავდა მიზნად.
,,A ტიპის პროტოკოლით დახვედრისა და ცერემონიალის განსაკუთრებულობის მიზეზი რეგიონში მომხდარი კონფლიქტის (ყარაბაღის მოვლენები – ავტ.) შემდეგ და პანდემიის დროს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მნიშვნელობის წარმოჩენა იყო. ეს არ არის არც “მეტი თურქეთი” და არც “მეტი ნატო” საქართველოში, ეს ჩვენი კეთილმეზობლობის მნიშვნელობას გამოხატავს. ბატონი პრეზიდენტი და ყველა უწყება შეთანხმდნენ, რომ დიახ, მეგობარ საქართველოს ასე გამორჩეულად უნდა დავხვედროდით. პანდემიამ მთელ მსოფლიოში თავისი კონიუნქტურა შექმნა. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ რეგიონში მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან ძალიან მტკიცე კავშირი უნდა ჰქონდეთ! ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, გამოკვეთილია უსაფრთხოების პრობლემებიც – იქნება ეს შავი და კასპიის ზღვების აუზი თუ შუა აზია. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროპაგანდას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, უპირველესად, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს.
ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს 90-იანი წლები. არადა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თურქეთი და საქართველო მეგობარი და მონათესავე ქვეყნები არიან. ორი თვის წინ პარლამენტში დამტკიცდა ყველა ადრე ხელმოწერილი ხელშეკრულება, რათა პანდემიით გამოწვეული პრობლემები სწრაფად მოგვარებულიყო. დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და ერთ-ერთი გზა პრემიერის ვიზიტის მომზადება გახლდათ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩამოსვლას თბილისში, ეს უფრო ადრე იყო დაგეგმილი.
გასულ წელს თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი იყო დაგეგმილი საქართველოში… ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტამდე დაგეგმილი იყო უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომა. ამის შემდეგ ჩამოვიდოდა ჩვენი პრეზიდენტი საქართველოში, თუმცა პანდემიის გამო სხდომა გადაიდო. ამასობაში ბატონი ღარიბაშვილი გახდა პრემიერმინისტრი, წესისამებრ კი ახალარჩეული პრემიერი მეზობელ ქვეყნებს უნდა ეწვიოს. ის ორ ქვეყანაში უკვე იყო, თურქეთი მესამეა…
1921 წელს ნატო არ იყო, თუმცა, თურქეთი საქართველოსთან დაკავშირებით ისეთივე პოლიტიკას ატარებდა, როგორსაც დღეს. ათათურქის პერიოდში ეს პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ისახავდა მიზნად. 1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თურქეთმა განაგრძო ძველი პოლიტიკის დაცვა. თურქეთი ნატო-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი აქვს. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრებას უჭერს მხარს. თქვენ სომეხთა გენოციდი ახსენეთ… პირდაპირ გეტყვით, რომ თურქეთი კავკასიის რეგიონში საკუთარ პოლიტიკას შიდაპოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად არ წარმართავს… ჩვენი საქართველოსადმი დამოკიდებულება თურქეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. კავკასიაში სხვა ქვეყნების პოლიტიკა შეიძლება მართლაც ამგვარი იყოს, თუმცა თურქეთისა – არა. რეგიონში ჩვენი პოლიტიკა ემყარება იმას, რომ ქვეყნებმა, სომხეთის ჩათვლით, უნდა გაატარონ ისეთი კურსი, რომელიც მომავალი თაობების ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს და მათთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს ბევრი მიმართულებით ეხმარება. თუ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია კვლავ იქნება ქართველი ხალხის, ხელისუფლების სურვილი, მაშინ ამ მხრივ თურქეთის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. თურქეთისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია იმის მიუხედავად, გახდება თუ არა ის ნატოს წევრი ქვეყანა.
თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა “ექვსთა პლატფორმაზე” საუბრისას განაცხადა: “საქართველო რეგიონში არის გასაღები!” თუმცა დასძინა, თუ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სამმხრივ ფორმატს შექმნიან, თურქეთი მზად არის, ამას მხარი დაუჭიროსო.
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ძველ და ტრადიციულ რეგიონში. გეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში სრულიად ახალი ვერაფერი შეიქმნება. ჩვენი მიზანია უკეთესი თანამშრომლობის მოდელის შექმნა. საქართველო ომის შემდგომ სტაბილურობის მაძიებელი ქვეყანაა, ისევე, როგორც თურქეთი, ამიტომ ჩვენ მიმართ ინტერესი დიდია… ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ყოველთვის შევახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნებია და ჩვენი პოზიციები თანხვდება ერთმანეთს… ისინი, ვისაც მიზანში აქვს ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა, ამას სხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოაჩენენ,” – განაცხადა თურქეთის ელჩმა.