იდეების კონკურსის „GreenOvation” საფინალო ეტაპი გაიმართება
14 ივნისს, სასტუმრო “რუმს თბილისის” საკონფერენციო დარბაზში, იდეების კონკურსის „GreenOvation” საფინალო ეტაპი ონლაინ კონფერენციის ფორმატით გაიმართება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში მხოლოდ ჟიურის წევრები შეიკრიბებიან, ხოლო კონკურსის 6 ფინალისტი საკუთარ პროექტს ონლაინ ფორმატში წარადგენს და ჟიურის შეკითხვებს უპასუხებს.
ონლაინ კონფერენციის დასრულებისთანავე, კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსის შედეგები ფინალისტებს 15 ივნისს ეცნობებათ. თითოეულ გამარჯვებულს, წარდგენილი პროექტის განსახორციელებლად, 10 000 ევრომდე გრანტი გადაეცემა.
GreenOvation რეგიონალური კონკურსია, შესაბამისად, საფინალო ღონისძიება გაიმართება: საქართველოში (14 ივნისი, დასაწყისი 15:00 სთ), აზერბაიჯანში (14 ივნისი, დასაწყისი 10:00 სთ), სომხეთში (23 ივნისი, დასაწყისი 11:00 სთ). კონკურსის პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
GreenOvation Pitch და ასევე, GreenOvation-ის facebook-ის გვერდზე. იდეების კონკურსი „GreenOvation” გარემოსდაცვითი პროგრამის „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” (ECOserve) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია RECC (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი) მხარდაჭერით ტარდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.