ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც ეკომეგობრული ინიციატივებისა და მწვანე პოლიტიკის მხარდაჭერას, ასევე სტუდენტებისთვის კარიერული და სტაჟირების შესაძლებლობების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
KIU-მ პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლობით ვიზიტს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კამპუსზე ელექტრომობილების დამტენი სადგურების გახსნის ცერემონია, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და საჯარო ლექცია.
პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, KIU-ს ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურები დამონტაჟდა. სადგურები KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, პროკრედიტ ბანკის გენერალურ დირექტორთან, ალექსი მატუასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტისა და ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტისას გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, KIU და პროკრედიტ ბანკი ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკულ პროექტებს, რომლებიც გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების გამოყენებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია სტუდენტთა კარიერული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და სტაჟირების პროგრამების შეთავაზება.
ვიზიტის დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე: „მდგრადი განვითარება, თანამედროვე საბანკო სექტორი და ახალგაზრდების კარიერული შესაძლებლობები“. ლექციას პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი მატუა და ბანკის მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი ალექსანდრე ჯაშიაშვილი უძღვებოდნენ. სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მწვანე პოლიტიკის, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განათლებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი და ეკომეგობრული გარემოს შექმნაში. სტუმრები, ასევე, გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე კამპუსს, რომელიც მოიცავს მსოფლიო სტანდარტის უნიკალურ აკადემიურ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.
KIU, როგორც მდგრადი განვითარების საუნივესიტეტო სივრცე, აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციური, გარემოზე ორიენტირებული ეკო პროექტების განხორციელებას, ხოლო პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია ახორციელებს ეკოლოგიურ და ენერგოეფექტურ ინიციატივებს საქართველოში.