დღგ-ის თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ საგადასახადო დანაკარგების თემა, განსაკუთრებით დღგ-ის ნაწილში არ არის მხოლოდ „ქართული ფენომენი” და ეს საკითხი აქტუალურია ევროპის მრავალ ქვეყანაში.
მისი განცხადებით, გამოყენებული აქტივის ოდენობამ შეადგინა 128 790 937 ლარი, რაზეც მოხდა მკაცრი რეაგირება შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების მხრიდან.
„ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სულ 241 პირი, რომელთაგანაც დღეისათვის პატიმრობაშია 69, ძებნილია – 16, გირაო აქვს შეფარდებული – 114 პირს. ამ ეტაპზე ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონი ლარი. ბრალდებულების მიერ გირაოს სახით ასევე შეტანილია – 1 850 000 ლარი. ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაყადაღებულია ანგარიშებზე, ასევე ამოღებულია ნაღდი ფულის სახით. დამატებით დაყადაღებულია ბრალდებულთა და მათთან კავშირში მყოფი პირების უძრავი-მოძრავი ქონება. გამოძიება გრძელდება, არაა დასრულებული სასამართლო პროცესები. იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში ამოღებული თანხა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ამ ეტაპზე გვაქვს. მნიშვნელვოვანია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაზე იყოს მკაცრი რეაგირება. გადასახადებისგან თავის არიდება არის დასჯადი ქმედება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.