ბრიტანელმა მხატვრებმა კორნოულში ჩასულ მსოფლიოს ლიდერებს ირონიით სავსე სიურპრიზი დაახვედრეს

დღეს კორნოულში დიდი შვიდეულის შეხვედრა იწყება, რომელიც სამ დღეს გასტანს და კაცობრიობის წინაშე არსებულ არაერთ მტკივნეულ საკითხზე იმსჯელებს. მათ შორის გარემოს დაცვაზეც გამახვილდება ყურადღება. ასეთი მსჯელობები ადრეც არაერთხელ გვახსოვს მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმებზე, მთავრობები და პოლიტიკოსები თითქოს მუდმივად მუშაობენ ამ მიმართულებით, რაც დროული და საჭირო ძალისმევაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის ამ მხრივ გასაკეთებელი.
სწორედ ამან გაუჩინა პროტესტი უნიჭიერეს ბრიტანელ არტისტებს – ჯო რაშს და ალექს რეკეიჯს, რომ ელექტრონული საქონლის გამოუსადეგარი ნარჩენებისგან შეექმნათ უზარმაზარი ჯგუფური სკულპტურა, რომელიც დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების პორტრეტებს გამოსახავს.
ეს არის ყველაზე დიდი ირონია და პროტესტი, იმის საუკეთესო დასტური, თუ როგორ შეიძლება ხელოვანმა თავისი აზროვნების ნაყოფით დააფიქროს მთელი კაცობრიობა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაუჩინოთ ხელისუფლების სათავეში მყოფთ, რომ ლაპარაკზე მეტად საჭიროა პრაქტიკული ქმედებები ბუნების დასაცავად.
ჩემი აზრით, ეს სკულპტურა ყველა სირცხვილის კორიდორზე უკეთ იმოქმედებს მსოფლიოს ლიდერებზე. სამიტი მალე ისტორიის კუთვნილება გახდება, მაგრამ ელექტროსაქონლის ნარჩენებისგან შექმნილი ეს სკულპტურა კი არავის დაავიწყდება. ღრმად აღებეჭდება ყველას მეხსიერებაში და რიგით ადამიანს თუ პრეზიდენტს მუდამ შეახსენებს, რომ ვალში არიან ბუნებასთან, და ეს არ შეიძლება იყოს ერთჯერადი და თავმოსაწინებელი აქცია!
ხვალ მსოფლიო ლიდერები ამ სკულპტურის მონახულებით დაიწყებენ თავიაანთ სამუშაო შეხვედრებს. ნაგვადქცეული ნივთებისგან აწყობილი ჯგუფური ქანდაკება “Carbis Bay”-ს სასტუმროს სიახლოვეს არის აღმართული(სადაც ისინი სამიტის დღეებში იცხოვრებენ) და მათ შემდგომი სამი დღის განმავლობაში არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, უცქირონ თავიაანთ პორტრეტებს. თუ ისინი მეტად არ გააქტიურდებიან ამ მიმართულებით, თუკი გადაყრილი პლასტმასები და გადაუმუშავებელი ნაგავი საწამლავად და საწამებლად ექცევა პლანეტას, მაშინ სულ ფუჭი და ამაო ყოფილა მათი ამქვეყნიური ამბიცია და იმ ფასს შეიძენს, რასაც ეს უსარგებლო პლასტმასის ხარახურა!

ქანდაკების ავტორი ჯო რაში.

აი, ამას ეუბნება თანამედროვე მხატვარი მსოფლიოს პირველ პირებს. ეს მართლაც რომ საუკეთესო მოწმობაა იმის ნათელსაყოფად, თუ რატომ არის ხელოვანი და ხელოვნება ყველაზე მძლავრი და აღმატებული წინამძღოლი დედამიწაზე.
მიმაჩნია, რომ კორნოულის სამიტისადმი მიძღვნილი ეს სკულპტურა ყველაზე რეზონანულ საჯარო სკულპტურად იქცევა და უკეთ იმუშავებს ვიდრე ხალხმრავალი მარშები და გაფიცვები.
ხელოვანი მილიონობით ადამიანის სათქმელს ბასრი ირონიით გამოთქვამს და ისეთი ძალა გააჩნია, რომ ამ ერთ სკულპტურას შეუძლია სასიკეთოდ შეცვალოს საკაცობრიო ლანდშაფტი.
კორნოულის ახალი ქანდაკება ნებისმიერი ხელისუფალისთვის მართლაც რომ საყურადღებო და დამაფიქრებელი არტეფაქტია, რადგან მრავალგზის გამოცდილია, რომ მწვერვალიდან ნაგვის გროვამდე სულ ერთი ნაბიჯია!

                                                                                          გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები