რიმა ბერაძე „ნაცმოძრაობაზე“: იმედი მაქვს, საპარლამენტო საქმიანობაში მაინც აღმოაჩნდებათ სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიშნები და ხელს მოაწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს

“იმედი მაქვს, საპარლამენტო საქმიანობაში მაინც აღმოაჩნდებათ სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიშნები, გადააბიჯებენ ვიწრო პარტიულ ინტერესს და ხელს მოაწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„არაფრისმომცემი ბოიკოტისა და 7-თვიანი გაცდენების შემდეგ ნამდვილად არ მიკვირს და ჩემთვის მოულოდნელი არ არის, რომ დღეს კიდევ ერთხელ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გადაწყვეტილება და დღესაც არ გამოჩნდა პლენარულ სხდომაზე. ცდა ნამდვილად არ დააკლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირების სცენარი მოემწიფებინათ, რომ როგორმე დაბრუნებოდნენ მათთვის სასურველ სადავეებს, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი ძალიან ბრძენია. მიუხედავად ყველაფრისა, მათი სცენარის მიხედვით მოვლენები არ განვითარდა, რაც ორი მთავარი მოცემულობით იყო განპირობებული. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლებას და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს.
შესაბამისად, ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებიც ადასტურებს. გულწრფელად მაინტერესებს, როდესაც შემოვლენ და გავლენ პარლამენტიდან, რის თქმას აპირებენ რუსთაველზე მათი ინიციატივით კარვებში მწოლიარე მათი მხარდამჭერებისთვის, რომლებიც მათი პროტესტისა და კანონის დარღვევის გამო არაერთხელ დაჯარიმდნენ. რას უპასუხებენ იმ აქტივისტებს, რომლებიც მათი შეგულიანებული, საკრებულოს წევრს ნაგავს აყრიდნენ თავზე და ყოვლად გაუმართლებელ საქციელს ჩადიოდნენ. რა მოიტანა მათმა ხელოვნურმა პროტესტმა საზოგადოების პოლარიზაციის, დაძაბულობის, დაპირისპირებებისა და შელახული საერთაშორისო იმიჯის მეტი, რომლის აღდგენასაც მოლაპარაკების შედეგის მიღწევით, მხოლოდ ჩვენი გუნდი ცდილობდა? მაინტერესებს, გრძნობენ თუ არა ეს ადამიანები ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას და რა განცდა აქვთ მათ, როდესაც იმ ადამიანების გვერდით უნდა დასხდნენ დარბაზში, ვისაც პარლამენტში შემოსვლის გამო მონებს გვიწოდებდნენ და წარმოუდგენელ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ.
მათგან საზოგადოება უკვე მიჩვეულია სიტყვის გატეხვას. ვერ მივიყვანთ პროცესებს დესტაბილიზაციამდე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს არეულობა“, – განაცხადა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები