ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში უზრუნველყოფილია სტაბილურობა, არის ერთიანი, ძლიერი გუნდი, ასეთ პირობებში კონკრეტული ინიციატივების გაჟღერება შეგვიძლია, ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ბიზნესთან ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ერთად ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე

“როდესაც არის რთული ვითარება ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო, უფრო რთულია გრძელვადიან ცვლილებებზე ფიქრი, 2024 წელი ამ კუთხით გამორჩეული იყო, იყო რევოლუციის მცდელობა, საპარლამენტო არჩევნები, 2025 წელიც იყო გამოწვევებით სავსე, თუმცა 2025 წელს უკვე მოვახერხეთ მუშაობის დაწყება ძალიან ბევრ პრინციპულ ცვლილებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ამის რესურსი კიდევ უფრო მეტია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი სტაბილურობა, არის ერთიანი, ძლიერი გუნდი.

„ასეთ პირობებში, ჩვენ კონკრეტული ინიციატივების გაჟღერება შეგვიძლია. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, რომელიც დავიწყეთ. არის 3 სხვადასხვა მიმართულება. საწვავის შემთხვევაში საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. თუმცა, აქაც კი, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. მედიკამენტებს რაც შეეხება, აქ არის ვითარება, რომ შემოღებულია რეფერენტული ფასები და ამან შეამცირა ფასები მედიკამენტების ძალიან ფართო სპექტრზე. თუმცა, ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული რესურსი ფასების შემცირებისთვის და აქაც გვექნება დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციები. ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის არის ალბათ მაინც სურსათზე ფასები. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით სურსათზე ფასების შემცირებისთვის. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, ფასნამატი არის ძალიან მაღალი. დისტრიბუცია პლუს ქსელური მაღაზიები ჯამში საზღვრის ფასს ამატებენ დაახლოებით 86%-ს და ვფიქრობთ, რომ აქ არის შემცირების რესურსი. სხვადასხვა მიმართულებით პრობლემური პრაქტიკა არის ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, უნდა იყოს დაცული ბიზნესის თავისუფლების პრინციპი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების 2012 წლის შემდეგ, თუმცა ამასთან ერთად, ბიზნესის თავისუფლების პირობებში, სწორედ ბიზნესთან ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, რაც ვფიქრობ, რომ მიღწევადი ამოცანაა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები