ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება ჩვენს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი განვითარება, ეს არის მთავარი მიღწევა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და ამისთვის მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ”
„ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება ჩვენს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი განვითარება და ეს არის მთავარი მიღწევა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და ამისთვის მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „POSTV”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს.
„დღემდე გამოწვევებით სავსეა ის პროცესები, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში წარიმართება. ჩვენ ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს. თუ აქ ხარ პრინციპული, ამ შემთხვევაში შედარებით იოლია პრობლემების დაძლევა. ძალიან მტკივნეულია ამ პროცესების გავლა, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, პერსონალური თვალსაზრისით. ძალიან დიდი ძალები არიან ჩართულები ამ პროცესებში. ჩვენ ვნახეთ, როდესაც კონკრეტულმა ქვეყანამ ვერ გაუძლო ზეწოლას, რა პროცესები განვითარდა. ვგულისხმობ უკრაინას. უკრაინაში ყველაფერი დაიწყო რევოლუციით და იმ ძალებმა, რომლებმაც რევოლუცია დააორგანიზეს ამ ქვეყანაში, არ აიღეს შემდეგ პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომელიც განვითარდა. ჩვენ მოვახერხეთ ამ ინტერესების დაცვა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას და სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში. „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება ჩვენს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი განვითარება. ეს არის მთავარი მიღწევა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და ამისთვის მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა პრემიერმა.