პრემიერი: როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ხელის მოთბობა, ამაზე ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა თავის დროზე მინიშნება, ჩვენ დროულად მოვახერხეთ პრობლემების იდენტიფიცირება და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რომ ასეთი პრაქტიკა აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში

“რასაც ვამბობდი თავის დროზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდთან დაკავშირებით, დღეს, იგივე შემიძლია ვთქვა სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით – მე მაქვს რწმენა, რომ დღეს, ჩვენი სამთავრობო გუნდის უკლებლივ ყველა წევრი კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც კორუფციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იყო დაგროვილი პრობლემები და კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ხელის მოთბობა, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა მოქმედმა მთავრობამ დროულად მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, იმისათვის, რომ ასეთი პრაქტიკა აღარასოდეს განმეორდეს საქართველოში.

„რეალურად, იყო დაგროვილი პრობლემები, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა თავის დროზე მინიშნება. დაახლოებით, 1 თვით ადრე, ვიდრე ჩამოყალიბდებოდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ეს პრობლემები იყო მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო და, საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო ღრმად ჩავიხედეთ საკითხში, აღმოჩნდა, რომ არაერთი მიმართულებით იყო სერიოზული პრობლემები. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ეს პრობლემები დაგროვდა 2021-2022 წლის შემდეგ. ამას ხელი შეუწყო, მათ შორის, იმ რთულმა ფონმაც, რომელიც შეიქმნა ჩვენი ქვეყნის გარშემო. როგორც ჩანს, ამ ფონზე, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ხელის მოთბობა, რაც ძალიან სამწუხარო, ძალიან დასანანი იყო. თუმცა, რაც მთავარია, ჩვენ მაინც დროულად მოვახერხეთ პრობლემების იდენტიფიცირება და გადავდგით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ასეთი პრაქტიკა აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ინტერესი. ჩვენ ვართ ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე და საზოგადოებას აქვს ეს დაკვეთა, რომ მთავრობამ, ხელისუფლებამ ზოგადად, იმუშაოს კეთილსინდისიერად, ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ ვიმოქმედეთ ამ პასუხისმგებლობით, რაც ძალიან რთული იყო, პოლიტიკურად მათ შორის. მით უმეტეს, რომ ამაზე ზრუნვა ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო წლის განმავლობაში და ამიტომაც დასჭირდა შედარებით დიდი დრო. პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შედარებით მეტი დრო დაგჭირდა პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა თანმიმდევრულად მივყევით ამ საკითხს და, საბოლოო ჯამში, დღევანდელი მოცემულობით, არსებითად გადავჭერით პრობლემები. ჩვენ მოვახერხეთ გუნდში არსებითი ცვლილებების შეტანა. თავის დროზე, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მაქვს განცხადებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხს ვაგებდი საპარლამენტო გუნდის ლიდერების კეთილსინდისიერებაზე და დღესაც იგივე შემიძლია გავიმეორო. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და არც ერთთან მიმართებით კითხვები არ დასმულა. რასაც ვამბობდი თავის დროზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდთან დაკავშირებით, დღეს, იგივე შემიძლია ვთქვა სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით, მინისტრებთან, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. მე მაქვს ეს რწმენა, რომ დღეს, ჩვენი სამთავრობო გუნდის უკლებლივ ყველა წევრი მოქმედებს ამ პრინციპებით, კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს”, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები