ანა ბუჩუკური: მმართველმა გუნდმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კობახიძის განცხადებები ცილისწამება იყო
”ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ მყისიერი რეაგირება და, სწორედ ამის გამო, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიფი იძულებული გახდა, უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არამედ ცილისწამება იყო.
„ბატონი ირაკლის განცხადებით, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რაში თანამონაწილეობაშიც პრაქტიკულად ბრალი დასდო როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ასევე მოქმედ პოლიციელებსა და მოქმედ ჯარისკაცებს. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოვითხოვეთ მყისიერად რეაგირების დაწყება, კერძოდ გამოძიების დაწყება და ამის გამო, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიფი იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა. გუშინ მოვისმინეთ, თითქოს კობახიძის მიერ ტელეეთერში გასული განცხადებები იყო არა ბრალდებები, არამედ იყო თურმე პოლიტიკური განცხადებები. ცოტა კომიკურია, მაგრამ ფაქტობრივად მმართველმა გუნდმა, ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არამედ იყო აკადემიურად რომ ვთქვათ, ცილისწამება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ.
მისივე თქმით, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა.