„მოდი, გააფერადე“ – პანდემიის დროს დახატული გასაფერადებელი ნახატების თბილისური წარდგენა

12 ივნისს, 15:00 საათიდან 20 საათამდე, „უსახელო გალერეა თბილისი“ წარმოადგენს  „შიდა სამზარეულოს” გასაფერადებლის წარდგენას – „მოდი, გააფერადე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „შიდა სამზარეულო” „mukao/მუკაოს“ პროექტია,  ბერლინში მოღვაწე ხელოვანის, სოფო ტაბატაძის ნახატებით შექმნილი გასაფერადებელი. ნახატები პანდემიის დროსაა დახატული.
„სოფომ სახლში გამოკეტილობის დროს ყურადღებით დაიწყო დაკვირვება, თუ რა უცნაური კომბინციები იქმნებოდა მის ოთახებში, სადაც მასთან ერთად მისი 6 წლის შვილიც ცხოვრობდა. ციგაზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული სათამაშო ხვლიკები შუა ოთახში, უთოს და სახატავი მასალის თანაცხოვრება საწერ მაგიდაზე…
დალაგების მაგივრად მან ამ ყველაფრის ხატვა დაიწყო პატარა, A4-ის ფორმატის ქაღალდებზე. სახელოსნოში სიარული აღარ გამოდიოდა და ამ პატარა ფორმატის გამოყენებით მან სახლში შემოიტანა სახელოსნო, ანუ იმ ტიპის მუშაობა, რაც პანდემიის დროს იყო შესაძლებელი.
მოგვიანებით სოფომ ეს ნახატები გასაფერადებელ ალბომად გამოუშვა კომპანია „mukao/მუკაოსთან“ ერთად. ეს კომპანია 2020 წელს დაარსდა და უშვებს ტალღოვანი მუყაოს, ეკოლოგიურად სუფთა ნივთებს ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.
ამ ნახატების გასაფერადებლად გამოშვებით კომპანია „mukao/მუკაოს“ სურს, რომ ეს ნამუშევრები ხელმისაწვდომი გახდეს და ადვილად მოხვდეს სხვა ხალხის სამზარეულოებში.
გასაფერადებლის თბილისური წარდგენა გაიმართება „უსახელო გალერეაში“, სადაც მნახველებს შეეძლებათ როგორც კედელზე განთავზებული ნამუშევრების დათვალიერება, ასევე მათი იქვე გაფერადება. ასეთი მიდგომა, გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ იმ ფერთა განწყობას, რომელიც შეიქმნება დამთვალიერებლების მიერ“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
გაფერადება გაგრძელდება 12-დან 23 ივნისის ჩათვლით.

გათამაშება:
13 ივნისს, 16:00 საათზე, „უსახელო გალერეაში“ ასევე გაიმართება გათამაშება, რომლის დროსაც გამოვლინდება გასაფერადებლის ორი გამარჯვებული.
„გამარჯვებულებს შეეძლებათ, გააგრძელონ გაფერადება მათსავე სამზარეულოში ან ნებისმიერ ადგილას, სადაც გაუხარდებათ, იმიტომ რომ გასაფერადებელს საკმაოდ კომფორტული მუყაოს მოლბერტიც მოჰყვება.
გათამაშების წესები:
იპოვეთ პოსტი გათამაშების შესახებ „ინსტაგრამის“ გვერდებზე – Untitled.tbili და mukao.de და დათაგეთ ათი მეგობარი ფოტოს ქვეშ კომენტარებში, გადააზიარეთ პოსტი თქვენს „სთორიში“ და გამოგვიგზავნეთ სქრინი. 10 დათაგული მეგობარი უდრის  გათამაშების ერთ ბილეთს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მის: იუნკერების №1/12.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები