„ვან გოგი ხატავს მზესუმზირებს“ – დიდი მხატვრის დაბადების დღე

1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პოლ გოგენი – ცნობილი ფრანგი პოსტიმპრესიონისტი. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი პოლ გოგენის ცნობილ სურათს აქვეყნებს – „ვან გოგი ხატავს მზესუმზირებს“.
„ის სიცოცხლეში ნაკლებად იყო დაფასებული, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია პლანეტაზე. გოგენი ცნობილია ფერთა ექსპერიმენტული გამოყენებით და სინთეზური სტილით, რომელიც განსხვავდება იმპრესიონიზმისგან. პოლ გოგენის მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა ფრანგული ავანგარდის და თანამედროვე მხატვრებზე, როგორებიც არიან პაბლო პიკასო და ანრი მატისი. ასევე ცნობილია, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვინსენტ და თეო ვან გოგებთან.
პოლ გოგენს და ვინსენტ ვან გოგს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ არლიში დაიწყო. ვან გოგს სურდა, რომ გოგენი მასთან დარჩენილიყო და ერთად შეექმნათ სამხატვრო კოლონია. ეს ნამუშევარი გოგენმა არლიში ყოფნის დროს შექმნა, მაშინ როდესაც ვან გოგი თავის ცნობილ “მზესუმზირებს” ხატავდა. სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს ერთად ჩანაფიქრის განხორციელება, კონფლიქტის დროს 1888 წელს გოგენი სამართებლით დაუპირისპირდა ვან გოგს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ვან გოგი გაიქცა და მარცხენა ყურის ნაწილი მოიჭრა. მალევე გოგენმა ქალაქი დატოვა და მათ ერთმანეთი აღარასდროს უნახავთ“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურათზე: პოლ გოგენი. „ვან გოგი ხატავს მზესუმზირებს“. 1888. ტილო, ზეთი. ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები