ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი – „მძევლების” ონლაინჩვენება
5 ივნისს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში წარმოდგენილი იქნება რეზო გიგინეიშვილის ფილმი – „მძევლები”.
ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „პანორამა”. პირველ კინოჩვენებას ფილმის რეჟისორთან ერთად მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები დაესწრნენ.
ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს. „მძევლები” ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.
რადგან ფილმი გაყიდულია არაერთ ქვეყანაში და მისი უფასო დისტრიბუციის უფლება მხოლოდ საქართველოში გვაქვს, 5 ივნისის ონლაინკინოჩვენებაზე „მძევლები” ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლებისთვის.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.