ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ – პრემიერა დმანისის თეატრში

5 ივნისს, 21:00 საათზე, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის „იგის“ მიხედვით დაიდგა. რეჟისორი: ანუკი ცუცქირიძე.
„HOMO ERECTUS – წელში გამართული ადამიანი. პრეისტორიული პერიოდის ადამიანის სახეობა, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ.
30 წლის წინ, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, აფრიკიდან განსახლებული პირველი ჰომო ერექტუსის ნაშთები (ზეზვა და მზია) აღმოაჩინეს.
სიმბოლურად, სწორედ ამ არქეოლოგიურ ძეგლზე გათამაშდება ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ,,იგის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელიც ფიზიკური თეატრის ხერხებით პირველყოფილი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს: როგორ გამოეყო ადამიანი ტომის რუტინას, როგორ გააკეთა თავისუფალი არჩევანი, როგორ აღმოაჩინა სიყვარული, როგორ იქცა ინდივიდად, როგორ გაიმართა წელში…
სპექტაკლის რეჟისორის შესარჩევად, მიმდინარე წლის თებერვალში დმანისის თეატრს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი. გამარჯვებული, 27 მარტს, 15 კონკურსანტს შორის, ახალგაზრდა რეჟისორი ანუკი ცუცქირიძე გამოვლინდა.
ქართულ თეატრალურ სივრცეში სპექტაკლის რეჟისორის ღია და გამჭვირვალე კონკურსის სახით შერჩევა საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ დმანისის თეატრის მხრიდან ეს იყო შანსი, რაც ახალგაზრდა რეჟისორმა საკმაოდ კარგად გამოიყენა.
სპექტაკლის რეჟისორის შერჩევის ეს ფორმა, დმანისის თეატრში ტრადიციად იქცევა და როგორც სახელმწიფო თეატრი, კიდევ ბევრ რეჟისორს მივცემთ შანსს, თავისი იდეების განხორციელების.
ანუკი ცუცქირიძის სპექტაკლის ნახვა სოფ. პატარა დმანისში, მუზეუმ-ნაკრძალის ღია სივრცეში, ნოემბრამდე, თვეში ორჯერ, საღამოს 9 საათზე შეგეძლებათ.
დაგეგმილია ტურები, რომლის ფარგლებში, სპექტაკლამდე მოეწყობა საინტერესო ექსკურსია დმანისის ნაქალაქარსა და არქეოლოგიურ ძეგლებზე, სდაც საშუალება მოგეცემათ, უშუალოდ მიადევნოთ თვალი არქეოლოგების მუშაობის პროცესს და გახდეთ ახალი აღმოჩენების შესაძლო თანამონაწილე. ყველაფერთან ერთად ისიამოვნებთ დმანისის ჰაერით, წყლით და ბუნების არაჩვეულებრივი ძეგლებით, სადაც მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ პიკნიკიც მოაწყოთ.
მოკლედ, დმანისის თეატრი, ადგილობრივ თუ ჩამოსულ მაყურებელს ზაფხულის დაუვიწყარ ერთ დღეს გპირდებათ“,- აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის მხარდამჭერის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები