გურამ გეგეშიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა გაიმართება
1 ივნისს, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93-ე (206-ე) აუდიტორიაში, 14 საათზე, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და როსტომ ჩხეიძის თაოსნობით, გამოჩენილი ქართველი მწერლის გურამ გეგეშიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა გაიმართება.
ინფორმაციას მთარგმნელი და პოეტი გიორგი ლობჟანიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
გიორგი ლობაჟანიძე:
„ქართული ლიტერატურის მკვლევრები და მოყვარულები ცალ-ცალკე მოხსენებებით განვიხილავთ ამ დიდებული და ჯერჯერობით სათანადოდ დაუფასებელი მწერლის 5 ძირითად რომანს, რომლებიც პირობითად გაერთიანებულია „ქართლის ჭირის” სერიაში და ჩვენი ქვეყნის 150 წლის ისტორიის მხატვრულ მატეანეს წარმოადგენს.
სხვებთან ერთად მეც ვკითხულობ მოხსენებას გურამ გეგეშიძის ბოლო რომანის „ნათლისქრობის” შესახებ. ეს რომანი პირველად 2011 წელს გამოიცა „ინტელექტში” და ბოლო პერიოდის ქართული პროზის ნამდვილ მონაპოვრად მესახება. მის შესახებ ჩემს მოხსენებამდე სულ ორი წერილია გამოქვეყნებული, უფრო სწორად, ერთი – ნინია სადღობელაშვილის შესანიშნავი საანალიზო სტატია და მეორე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში 2019 წელს დაცული ანა გოგილაშვილის ბრწყინვალე სადოქტორო დისერტაცია გურამ გეგეშიძის პროზის თავისებურებათა შესახებ, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად „ნათლისქრობაც” შესანიშნავად არის განხილული.
ორივე ეს ავტორი სათანადოდ მყავს დამოწმებული ჩემს ხვალინდელ მოხსენებაში. მათ ზოგ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ, ზოგსაც არ ვეთანხმები, უფრო სწორად, ამა თუ იმ საკითხს ოდნავ განსხვავებულად ვუყურებ. სამწუხაროდ, ქალბატონ ანას პირადად არ ვიცნობ, არადა, მეგობრებში, ალბათ გვეყოლება საერთო ნაცნობები და ეგებ, ვინმემ მიაწვდინოს ხმა ხვალინდელი ღონისძიების შესახებ. ეს სხდომა ზუმის ფორმატითაც იქნება და, ყოველ შემთხვევაში, აქვე ვდებ ხვალინდელ ლინკსაც“.
https://l.facebook.com/l.php…