ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ ადგილი სამუშაო ჯგუფებში ვერ იქნება, ვიდრე ისინი გონივრულ ვადაში ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი სამუშაო ჯგუფებში ვერ იქნება, ვიდრე ისინი გონივრულ ვადაში ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს.
„ნაციონალური მოძრაობა“ რეგლამენტის შესაბამისად იქნება ჩართული საპარლამენტო დისკუსიებში, მაგრამ რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, აქ მათი ადგილი ვერ იქნება, ვიდრე ისინი ხელს არ მოაწერენ გონივრულ ვადაში მიშელის დოკუმენტს. რაც შეეხება „ფაუერშეარინგს“, აქ საუბარი იყო კომიტეტებისა და დელეგაციების გადანაწილებაზე ოპოზიციურ პარტიებთან, ამაშიც ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუ გონივრულ ვადაში მათი მხრიდან ხელი არ მოეწერება მიშელის დოკუმენტს. ეს არის ძალიან მარტივი რამ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, „როდის ამოიწურება ეს გონივრული ვადა, ამას გაიგებთ ჩვენგან“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.