ზურაბ ქადაგიძე საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე: დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ჯგუფი შეიქმნება და მოხდება კონკრეტული კომუნიკაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სხვა დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციაა

პარტია „ხალხის ძალის” წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ უნდა მოველოდოთ ურთიერთობების გადატვირთვას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ბოლო განცხადება ერევანში, მიუთითებს ამერიკის ინტერესის ზრდაზე რეგიონის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს:

„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ვენსის განცხადება ერევანში, როცა პირდაპირ ისაუბრა კავკასიის მშვიდობისუნარიანობაზე და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის დაკავშირებადობაზე. ამ მხრივ, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით, ლომის წილი აქვს საქართველოს” – თქვა ზურაბ ქადაგიძემ.

დეპუტატის სიტყვებით, რადიკალური ოპოზიციისთვის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა მიუღებელია, რადგან ისინი მხოლოდ „მეგობარ” აქტსა და სახელმწიფოს დასანქცირებას უჭერენ მხარს.

„პირველ რიგში, გავყოთ საკითხი: არა ოპოზიცია, არამედ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები საუბრობენ აბსურდზე და ამბობენ, რომ მათთვის ნებისმიერი შეხვედრა და კომუნიკაცია მიუღებელია. მათთვის მისაღებია მხოლოდ „მეგობარი აქტი”, ჩვენი სახელმწიფოს დასანქცირება და ქვეყნის ჩამოშლა. საკუთარი პოლიტიკური რეალიზების გზას მხოლოდ ამაში ხედავენ. რაც შეეხება რეალობას, რომელშიც ვართ. საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ არსებობს მზაობა კონკრეტული პერსონების მხრიდან, რათა გახდეს შესაძლებელი ტექნიკური ჯგუფის ჩართვა ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ეს არის ძალიან კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ წინა ადმინისტრაციამ ბევრი შეცდომა დაუშვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. შეიძლება ითქვას, ისე დააშავა, ნულიდან გახდა საჭირო ურთიერთობის დალაგება. მე მაქვს მოლოდინი, რომ ასეთი ჯგუფი ძალიან მალე შეიქმნება, გამომდინარე იქიდან, რომ კავკასიაში ძალიან გააქტიურდა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენი ქვეყნის რადიკალებმა ამასაც გამოაბეს კუდი და თქვეს, ჩვენ რატომ არ ვართ იქ, მაშინ, როცა ამერიკა მედიატორის როლს ასრულებსო, ან ჩვენთან რატომ არ არის ვენსი ჩამოსულიო. ეს უკვე სხვა საკითხია. სომხეთ-აზერბაიჯანს ჰქონდათ კონფლიქტი, რომელშიც არბიტრის როლი კონკრეტულ საკითხებში შეასრულა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ჩვენ ვნახეთ თეთრ სახლში ორი ქვეყნის ლიდერის ვიზიტი. ვერავინ ვერ ხსნის, საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით, რატომ უნდა გაერიოს საქართველო ორი მეზობლის კონფლიქტში. როგორ შეიძლება გარიონ საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის პირადი საკითხის გადაწყვეტის დროს? მაგრამ, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ვენსის განცხადება ერევანში, როცა პირდაპირ ისაუბრა კავკასიის მშვიდობისუნარიანობაზე და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის დაკავშირებადობაზე. ამ მხრივ, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით, ლომის წილი აქვს საქართველოს. სწორედ აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ჯგუფი შეიქმნება და მოხდება კონკრეტული კომუნიკაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სხვა დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციაა” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები