ამირან სალუქვაძე: ახალი პარტიები ხელისუფლებასთან ომით კი არ უნდა იწყებდნენ, ჩვენ უნდა გვესაუბრებოდნენ რეალური პროგრამებით
ახალი პარტიები ხელისუფლებასთან ომით კი არ უნდა იწყებდნენ, ჩვენ უნდა გვესაუბრებოდნენ რეალური პროგრამებით, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
სალუქვაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ საუბრობს.
,,რამდენიმე ადამიანმა მთხოვა ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა. დღის მთავარი თემაც იყო, თუმცა არ ვაპირებდი. შევეცდები ავხსნა დამოკიდებულება. ერთხელ ავხსენი და მეგონა საკმარისი იყო.
საერთოდ, ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პირად ურთიერთობებს. ამ ურთიერთობებს და პატივისცემას ვინარჩუნებ ადამიანების თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც. ეს გიორგი გახარიასაც ეხება.
რაღამც პოლიტიკური შეფასება უნდა გავაკეთო, სანახევროდ გადავდებ პირად დამოკიდებულებას, რამდენიმე აქცენტს დავსვამ, ოღონდ მათ სიღრმისეულ ანალიზში არ შევალ.
პირველი. გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში დავწერე ჩემი ამ ნაბიჯის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. საკითხი ეხებოდა მელიას დაკავების საპოლიციო ღონისძიებას, კერძოდ სასამართლო განჩინების აღსრულებას.
ეს ნაბიჯი იმდენად მოულოდნელი იყო ყველასათვის, რომ ამან გამოიწვია დიდი შიდა რყევა ქართულ ოცნებაში, ჩამოშლის რისკის ზღვარზე, პარტიის ამომრჩეველთა სრული დეზორიენტაცია და ამ მარგინალური ოპოზიციის ისეთი აღზევება, რომ მმართველ პარტიას დიდი ბრძოლა მოუწია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. სიტუაციის დასტაბილურება ოცნების მხრიდან საკმაო დათმობების ხარჯზე მოხდა. ამ შედეგებს ახლაც ვადევნებთ თვალს.
გადადგომის მიზეზად დასახელდა მელიას დაკავების საკითხი და პოლარიზაციის შემცირება.
მელიას საკითხი გაუგებარია, რადგან თუ ყველა, მ.შ. მაშინდელი პრემიერი, იყო სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მომხრე, ასე აცხადებენ ოცნების ლიდერები და არავინ უარჰყოფს, მაშინ ამას რომ დვაკავება ავტომატურად მოჰყვებოდა, თავად ხომ უნდა სცოდნოდა?
ვფიქრობ, იმუნიტეტის მოხსნის ეტაპზე იყო განცხადებები გასაკეთებელი. საკითხის ჩაგდების მცდელობა უნდა მოეხდინა. ეს მცდელობა არ ყოფილა. იმ დეპუტატებმაც მისცეს ხმა, ვინც მერე ოცნებას გამოეყო. ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, თუ ვითარებიდან გამომდინარე მოხდა, ესეც თემაა, თუმცა არაფერს ცვლის.
ყველა ვარიანტში, გადადგომა კი არაა პრობლემა, არც ოცნების კრიტიკა. პრობლემაა, როცა გარკვეული ქმედების გამო, ჩემთვის მიუღებელი ოპოზიციის რევანშის საშიშროება დგება.
იმ დღეებში ჩემს ერთ-ორ მეგობართან მისაუბრია, რომ გახარიას გადადგომისთანავე ოპოზიციის რამდენიმე ასეული მომხრე, ენმ-ის ოფისიდან ოცნების ოფისთან რომ მივარდნილიყვნენ, ოცნება წუთებში ჩამოიშლებოდა-მეთქი. ოპოზიციამ კი შორიდან ცქერა განაგრძო, სანამ ახალი პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმდებოდნენ.
რაც შეეხება პოლარიზაციას. მაშინაც დავწერე და ახლაც ვიმეორებ, რომ: ა) პოლარიზაცია არ შემცირდება, გაიზრდება მეთქი, გაიზარდა კიდეც და ბ) პოლარიზაციის მიზეზი იყო არა მელიას დაკავების საკითხი, არამედ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მათი მიუღებლობა საზოგადოების მეტი ნაწილის მიერ.
პოლარიზაცია არც შემცირდება. ათასჯერ დავწერე, ნახევრადსამართლიანობა ვერ შეამცირებს პოლარიზაციას. პირიქით, ნოყიერი ნიადაგია მეტი დაპირისპირების მისაღებად.
ახლა კი გადადგომის მიზეზად პარტიასთან დაშორება გამოცხადდა, რაც ჩემთვის ასევე გაუგებარია. თუ ასე იყო, მელიას თემას არ უნდა დაკავშირებოდა, რადგან ამით მხოლოდ ოპოზიციამ მოიგო.
ასევე დასახელდა პარტიული ინტერესების სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დაყენება.
ეს სერიოზული ბრალდებაა და განცხადების გაკეთებისთანავე საჭიროებდა კონკრეტულ ახსნას, ფაქტების მოყვანით. ხვალ, ზეგ ამაზე საუბარი უკვე კინკლაობას დაემსგავსება.
ასევე მყისიერ განმარტებებს და კონკრეტული ფაქტების დასახელებას მოითხოვდა ბრალდებები კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით, რასაც უკვე ამ თვეებში პირველად არ აჟღერებენ.
კანონი, ასევე დასავლური სტანდარტი, რომელსაც ასე ხშირად იშველიებენ პოლიტიკოსები, მოითხოვს კორუფციის ფაქტებზე, ნეპოტიზმზე, მყისიერ რეაგირებას. როცა წლების განმავლობაში რამდენიმე უმაღლეს თანამდებიბაზე ყოფნის დროს, კორუფციაზე რეაგირება არ ხდება, ხოლო დღეს ზოგადი განცხადებები კეთდება, რასთან გვაქვს საქმე, დანაშაულების დამალვასთან, თუ თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან?
ყველა ქვეყანაშია კორუფცია. ჩვენთანაცაა. ჩვენ გვჭირდება კორუფციასთან ბრძოლა, კონკრეტული ფაქტებით, შედეგებით და არა თითის გაშვერა.
“პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება” ასეთ დანაშაულებზე არაა საკმარისი. ეს მხოლოდ სიტყვებია. ან რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაც ყველას სახელით ლილუაშვილმა თქვა? კორუფციის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობაა პოლიტიკიდან წასვლა და არა პოლიტიკაში მოსვლა.
აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას, ოპონენტებთან დისკუსიისას, პირიქით, კორუფციის არსებობის უარყოფა ხდებოდა.
სხვა რა შეიძლება ითქვას? მთლიანობაში პროგრამული სიტყვა ზოგადი იყო, კონკრეტული აქცენტების, ციფრების, დასაბუთების გარეშე. ამას მივეჩვიე ყველა, ვიმეორებ, ყველა პარტიის მხრიდან. ოცნების წინასაარჩევნო პროგრამასაც ეხება.
ერთ-ერთ მიზეზად ასევე დასახელდა ის, რომ ოცნება წინამორბედებს ედრებოდაო. ასეა ჩვენთან. სააკაშვილი შევარდნაძეს ედრებოდა 9 წელი, იმის მიუხედავად, რომ თავად წარმოადგენდნენ შევარდნაძის მთავრობას. ოცნება ნაციონალებს ედრებოდა. გახარიაც ოცნებაზე აკეთებს აქცენტებს და რატომაა გასაკვირი? ვერაფერი მოვოსმინე ოპოზიციის აღვირახსნილობაზე.
მე ავირჩევდი სხვა გზას. გადავდგებოდი სხვა დროს, სხვა მიზეზით, არ დავაყენებდი ხწლისუფლების ყოფნა-არყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ. გადაიტანა ოცნებამ ეს პერიოდი, თუმცა დგას ვადამდელი არჩევნების რისკის წინაშე, რაც ასევე აწყობს დანარჩენ მარგინალურ ოპოზიციას. მიზეზი კი გადადგომის ის დრო და შინაარსია.
ასევე მაქვს ბევრჯერ დაწერილი, რომ ახალი პარტიები ხელისუფლებასთან ომით კი არ უნდა იწყებდნენ, არამედ ჩვენ უნდა გვესაუბრებოდნენ რეალური პროგრამებით.
ყველაზე მთავარი კი, რაც მსურს ხოლმე გავიგო, ესაა ახალი პარტიის ღირებულებები, იდეოლოგია.
მაგალითად, როცა ევროსაქები ნაციონალებს გამოეყვნენ, მოსახლეობამ მიიღო ორი ერთი ღირებულებების მქონე, უფრო სწორად ღირებულებების არმქონე პარტია, ოღონდ სხვადასხვა სახელწოდებებით.
ამ შემთხვევაში ამომრჩეველი რას იღებს? ხომ უნდა გაიგოს ამომრჩეველმა მოქმედი და ყოფილი ოცნება რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, უფრო მემარჯვენეები არიან, უფრო მემარცხენეები, მეტად ცენტრისტული, უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებულები თუ რა?
ვერაფერი მოვისმინე საფრთხეების, ოკუპაციის საგარეო პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მაგალითად, წინა ხელისუფლების შიშით, მიუხედავად დასავლეთის მზადყოფნისა, რუსეთთან დიალოგი გაყინულია. ამ ფონზე პრორუსული ძალები აქტიურდებიან. მსგავსი საკითხებიც კონკრეტულად უნდა გაჟღერებულიყო დამფუძნებელ ყრილობაზე.
რამდენიმე თვის წინ დავწერე, რომ 2024-ში კარგი ვარიანტი იქნებოდა კოალიციური მთავრობა. დღეს ვატყობ, რომ პარტიები არ არიან ასეთი კულტურისთვის მზად.
,,ნაციონალებმა” დააწესეს მოდად, რომ თუ ნამდვილი ოპოზიცია ხარ, ხელისუფლებას უნდა ურტყა. ეს მათ აწყობთ. ოპოზიციონერობაზე ადრეც დავწერე და კიდევ დავწერ. აქ აღარ გავზრდი ტექსტს. ხალხს ესაუბრეთ, ხალხს.
საერთოდ, ყოფილი გუნდის წარმატებების უარყოფა, ან ნახევრად აღიარება, ფეხებში გასროლაა.
მოსახლეობა განაწყენდება ერთ პარტიაზე, ეძებს უკეთესს. ისევ განაწყენდება და ისევ ახალი მესიის მოლოდინშია. ხელის განძრევა კი არ გვსურს. მიჩვეულები ვართ მხოლოდ ოპოზიციის პროტესტს, აქციებს. ხელისუფლების, კონკრეტული პარტიის მომხრეებმაც, ამომრჩევლებმაც უნდა ისწავლონ აქციების მოწყობა.
როცა არ მოგწონს პარტიის რაიმე ნაბიჯი, შეიკრიბეთ მის ოფისთან, გამოიყვანეთ ლიდერები სასაუბროთ და მოსთხოვეთ პასუხი. თუ გვსურს უკეთესი ცხოვრება, ასე უნდა ვიქცეოდეთ. ამომრჩეველი უნდა გადალაგდეს ღირებულებების მიხედვით და ისწავლოს პარტიების, იდეების ერთგულება, ამ იდეებისათვის ბრძოლა.
სხვათაშორის, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მომეწინა. მოვედი, გავაკეთე, წავედი, ასე არაა… მის გადადგომასაც მოჰყვა მისი ამომრჩევლის დეზორიენტაცია., თუმცა ეს მოსალოდნელი იყო მისგან. ადრე დავწერე, პარტიებმა ჩაუფიქრდით პარტიების დასახელებას მეთქი. ეს ოცნებასაც ეხებოდა. რასაც ნიშნავდა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ამომრჩევლისთვის “ქართული ოცნება”, ასრულდა? ეს ისე, სრული სურათისთვის. ამის მიუხედავად, “ქართული ოცნება” კარგა ხანს დაეჩება მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ და მის პარტიად. არჩევნებზეც ეს ფაქტორი წელსაც იმუშავებს და, ალბათ, შემდეგ არჩევნებზეც.
მოკლედ, კიევში მყოფი ოპოზიციის ლიდერი ცდილობს ოპოზიცია მუდმივად ერთ ფლანგზე ჰყავდეს გადალაგებული. ყველა ახალი პარტია ამ გავლენის ქვეშ ექცევა. გუშინ ითქვა, ყველა ღირსეულთან ვითანამშრომლებთო, მაგრამ არ ითქვა ვისთან არ ითანამშრომლებს. არაფერი ითქვა ოპოზიციაზე.
არადა, კითხვა ოპოტელევიზიის მხრიდან პირდაპირ დაისვა, ოცნებას თუ დასჭირდა კოალიცია, თუ ითანამშრომლებო. თუ წლების განმავლობაში ამ გუნდის წიაღიდან მოდის პარტია, მასთან შესაძლო თანამშრომლიბა რატომ უნდა იყოს პრობლემა? ნაცმოძრაობის დამუნათების შიშია?
ესაა სულ. ყველა შემთხვევაში ახალ პარტიას წარმატებებს ვუსურვებ. ოღონდ სჯობს სამიზნედ ის პარტია აირჩიონ, ვისაც ადრე გიორგი გახარია გაქრობით დაემუქრა. ესაა მოსახლეობის მოთხოვნა და არა ოპოზიციისთვის კიევში დაწერილი დღის წესრიგით ცხოვრება. ჯერ ეს გავლენა იგრძნობა.
ნახევრად სამართლიანობა, ნახევრად უსამართლობაა,
ნახევარსიმართლე – ნახევარსიცრუე…”- წერა ამირან სალუქვაძე.