მოსამართლემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
ამით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. ამასთან, ისინი მიუთითებდნენ, რომ ბრალდებულები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, 13 პირს: კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას,ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.