ნინო წილოსანი – ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი
„ევროკავშირის გამჭვირვალობის კანონზე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა არის მთავარი მოტივაცია, რითაც ევროკავშირის კანონმდებლები და პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას.
„გამჭვირვალობა არის მთავარი მოტივაცია, რითაც ევროკავშირის კანონმდებლები და პოლიტიკოსები იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩვენ გაგვახსენდება იგივე პოლიტიკოსები, თუ როგორ გვაკრიტიკებდნენ ამ გამჭვირვალობისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა კარგი პრინციპი მხოლოდ თავისთვის უნდათ. ამ პირობებში, როდესაც მარტა კოსი საუბრობს, რომ კანონის გვერდის ავლით უნდა დააფინანსოს საქართველოში „ენჯეოები“, ხოლო საკუთარ შემთხვევაზე ისინი მკაცრად დასჯიან და გაუუქმებენ რეგისტრაციას ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ საჯაროობისა და გამჭვირვალობის გარეშე სხვა ქვეყნის თანხებს ამუშავებს იმ კონკრეტულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა – ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.