ანრი ოხანაშვილი: კონკრეტულ პირებს მოუწევთ სიტყვების უკან წაღება, როცა “კლანზე” საუბრობენ ან შევთანხმდებით, რომ არის პრობლემა

მოდი, ჯერ საერთაშორისო ექსპერტების მეშვეობით შევისწავლოთ სასამართლო სისტემაში არსებული მოცემულობა და გაირკვეს, როგორია საერთაშორისო ექსპერტების თვალით დანახული რეალობა – ამის შემდგომ ან კონკრეტულ პირებს მოუწევთ საკუთარი სიტყვების უკან წაღება, როცა ე.წ. კლანზე საუბრობენ ან ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ არის პრობლემა, რასაც ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის მთავარი თემა სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები იყო.

“ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირე, რომ “ქართული ოცნება” ერთგული იქნება და ზედმიწევნით შეასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებულ საკითხს, რომელიც სასამართლო სისტემაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უკავშირდება. შეთანხმებაში საუბარია, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრი და აღქმა. ერთხელ და სამუდამოდ ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი რომ დაესვას, დოკუმენტით შემოთავაზებულია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა. ამიტომ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ კონკრეტული შეფასებები დაფუძნებული იყოს არა აღქმებზე, სუბიექტურ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე, არამედ შესწავლილ იქნას საერთაშორისო, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტთა მიერ ობიექტურად, თუ რა მოცემულობაა სასამართლო სისტემაში, სად ვართ დღე ჩვენ. დაიდოს შეფასება და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, არიან თუ არა მართლები, როდესაც საუბარია კლანზე, რაღაც დარღვევებზე და ასე შემდეგ. დაიდოს შეფასება და თუ ჩვენ ვნახავთ, რომ არის პრობლემა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ამ საკითხებზე ვიმუშაოთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები