ვახტანგ მეგრელიშვილი: მხარს ვუჭერთ ამნისტიას, პირველები ვიყავით, ვისაც გვინდოდა შერიგება და პოლარიზაციის დასრულება
“მხარს ვუჭერთ ამნისტიას, გადაფურცვლა და დავიწყება ნიშნავს ყველას პატიებას”, – ამის შესახებ “გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, მხარეებს პოლარიზაციის დასრულების მეტი სურვილი უნდა ჰქონდეთ.
„ზოგადად, მხარს ვუჭერთ ამნისტიას, პირველები ვიყავით, ვისაც გვინდოდა შერიგება და პოლარიზაციის დასრულება ამ ქვეყანაში. შემდგომში, ფაქტობრივად, წამოგვეხმარა ევროკავშირის პროექტი, შერიგების პროექტი, რომელმაც იგივე იდეა გაატარა. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს ამნისტიას. შემდგომი პრობლემა არის, რომელი პროექტი უფრო ახლოს არის შემოთავაზებასთან, რომელიც მივიღეთ შარლ მიშელის ვიზიტის დროს. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ გადაფურცვლა და დავიწყება ნიშნავს ყველას პატიებას. განსხვავებული ინტერპრეტაცია არის ოპოზიციის ვერსიაში და მე მგონია, მხარეებს უფრო მეტი სურვილი უნდა ჰქონდეთ, პოლარიზაცია დასრულდეს. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იმ შენიშვნასაც თუ გაითვალისწინებს, რომელზეც იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ვერსია ბევრად ახლოსაა იმ სულისკვეთებასთან. ამიტომაც, გუშინ მე დავუჭირე მხარი პირველი მოსმენით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.