კახა კუჭავა: აუცილებელია, შეიქმნას ის ძლიერი პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნების მიხედვით იქნება მორგებული ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ინტერესებზე
“დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ჩვენი ქვეყნის ელჩი და სახე იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისინი ვიხილოთ ძლიერები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, შეიქმნას ის ძლიერი პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნების მიხედვით იქნება მორგებული დიასპორის წარმომადგენლების ინტერესებზე.
„ერთიანი საქართველო თითოეული ჩვენგანის მონაპოვარია. აუცილებელია ყველა ჩვენგანის შრომა და თავდადება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. რა თქმა უნდა, ძლიერ დიასპორას ამაში განსაკუთრებული როლი აქვს. ფორუმის ფარგლებში, საშუალება გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს თანამემამულეებთან, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან. აუცილებელია, უფრო გააქტიურდეს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა, შეიქმნას ის ძლიერი პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნების მიხედვით იქნება მორგებული ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ინტერესებზე. მე ვარ ერთ-ერთი, ვინც დიასპორის წევრად მივიჩნეოდი, რამდენიმე წელი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ძალიან კარგად მესმის ის ემოცია, პასუხისმგებლობა, რომელიც ამ სტატუსს, ამ როლს ახლავს. დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ჩვენი ქვეყნის ელჩი და სახე იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისინი ვიხილოთ ძლიერები, წელში გამართულები, რადგან, ამ შემთხვევაში, ზუსტად ასეთს დაინახავენ სხვები საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტიანი პოლიტიკა, რომ ჩვენ კარგად გვესმოდეს, რით შეგვიძლია დამატებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, არიან ჩვენგან შორს. ყველაზე მთავარია, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად შეძლონ დაბრუნება გაერთიანებულ საქართველოში და განვაგრძოთ ერთად ცხოვრება. საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს 2024 წლისთვის – რომელიც ევროკავშირის წევრობას მოიაზრებს. ეს, სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ძალიან დიდი შრომის, დიდი ძალისხმევის ჩადებას ნიშნავს, რათა გვქონდეს უფლება, გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს პროცესი ჩვენი დიასპორის გარეშე ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.