ირაკლი ღარიბაშვილი – მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც იყო დიასპორის წარმომადგენელი, იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ძლიერ საქართველოს ნიშნავს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოგმართოთ დღეს. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ დიასპორის როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სახელწოდება, რომელიც დღევანდელი ფორუმისთვის არის შერჩეული, ძალიან სიმბოლურია, ვინაიდან, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო იმედი და ოცნება უნდა იყოს ის, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს ყველგან, მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, ძლიერ საქართველოს.
ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების წინსვლასა და განვითარებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ.
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი პატივით გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ასევე იყო თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ქართველების. იგი არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობისას ემსახურებოდა თავის სამშობლოს, არამედ ემიგრაციის რთულ, დრამატულ წლებშიც ინახავდა თავისუფლების, ჩვენი ევროპული მომავლის იდეას.
ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიასპორის წარმომადგენლებს ძალიან დიდი როლი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში.

„მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი როლი შეასრულა, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და გულწრფელობით.
ჩვენ, თუ გადავხედავთ ისტორიას, ჩვენი დიდი ქართველების მოღვაწეობას, რამდენიმე გვარი შეიძლება რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს თავს – ალექსანდრე ქართველი – ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა; ჯორჯ ბალანჩინი – უდიდესი ქორეოგრაფი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი – ნიუ-იორკის ვიცე-მერი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მართვასა და განვითარებაში; ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – სახელოვანი სამხედრო მოღვაწე, პირველი საზღვარგარეთ დაბადებული ადამიანი, რომელმაც უმაღლეს საფეხურს მიაღწია და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. დღესაც არაერთი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებში მუშაობით, შემოქმედებითი თუ სპორტული მიღწევებით არა მხოლოდ საკუთარი დარგის წინსვლას ემსახურებიან, არამედ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის რეპუტაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი კაპიტალია.

„თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც დიასპორებს განსაკუთრებული მისია ეკისრებათ, მათ შეუძლიათ საკუთარი ცოდნა, რეპუტაცია თუ ურთიერთობები საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური პროცესების განვითარებას მოახმარონ. ამავდროულად, მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციას და პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები