“საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა არალეგალური მიგრაციის პირობებში შეუძლებელია” – მაკა ბოჭორიშვილი
“საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა არალეგალური მიგრაციის პირობებში შეუძლებელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
“სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ გარკვეული ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვებში, რაც ხშირად დაუსაბუთებელია, განპირობებულია სწორედ დასაქმების შესაძლებლობების ძიებით, შესაბამისად, ლეგალური შესაძლებლობების შექმნა, პირველ რიგში, არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და ამასთან ერთად, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც.
ევროკავშირის ქვეყნებში არის შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამასთანავე, ამ შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად, უზრუვნველვყოთ მათი უფლებების დარღვევების შემთხვევების დაცვის მექანიზმების არსებობა, რაც არალეგალური მიგრაციის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციაზე საუბრისას, ასევე უნდა ვიზრუნოთ ამ პროცესების ისე მართვაზე, რომ ქვეყნიდან არ მოხდეს ინტელექტის გადინება და არ დავდგეთ ამ საფრთხის წინაშე და პირიქით, ჩვენ გავაჩინოთ ევროპული გამოცდილების საქართველოში უკან მოზიდვის შესაძლებლობები.
სწორედ ამ საკითხების მიმართ საზოგადოებაში არის დიდი ინტერესი, ხშირად ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი სპეკულაციების საგანი და ამიტომ ვფიქრობთ, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო კონტროლის ის მექანიზმი, საქმიანობის ის მექანიზმი, რაც ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული და დავაინიცირეთ თემატური მოკვლევა ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის მონაწილეობით, ასევე, დიასპორის კომიტეტის მონაწილეობით და სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან ყველა დაინტერესებული დეპუტატები იმისთვის, რომ ჩვენ სწორად შევძლოთ ამ პოლიტიკის განხორციელება და ნაკლები სპეკულაციის საგანი გახდეს ჩვენს საზოგადოებაში ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია”, – განაცხადა ბᲝჭორᲘშვილმა.