შთამბეჭდავი სანახაობა საქართველოს ცაზე – მოდერნიზებული თვითმფრინავები 26 მაისის აღსანიშნავად (ფოტო)

შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც დღეს დედაქალაქისა და საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქის მცხოვრებლებმა იხილეს, ცაზე გამოჩენილი თვითმფრინავები იყო. სუ-25-ის ტიპის სამხედრო ხომალდებმა ქვეყნის დროშის ფერებში საქართველოს ცაზე ფერადი კვამლის გამოსახულებები აღბეჭდეს.

საინტერესო სანახაობის შემდეგ, დავინტერესდით სამხედრო თვითმფრინავების წარმომავლობით და შემდეგი დეტალები გახდა ცნობილი:

როგორც ირკვევა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავიაციის შესაძლებლობების განვითარება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს დაასახელა. შედეგად, უკვე ჩატარდა აღდგენა მოდერნიზაცია. ამასთან, საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში, წელს გარემონტდება 4 ერთეული „სუ-25“, 4 ერთეული „მი-24“ და 3 ერთეული„იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი. აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

ამას გარდა, როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილის უწყების პირველ პირად ყოფნისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა, დაწყებული პროექტები დღესაც გრძელდება და აქტიურად ხორციელდება.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის კონტექსტში ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან უწყება აქტიურად მუშაობს – დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა, რითაც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება, რაც, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის. არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით, ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზაც მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებს უკვე აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.
თავდაცვის ძალებში ასევე დაინერგა თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატო-ში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას.
ირაკლი ღარიბაშვილისვე ინიციატივით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღების წარმოების დაწყების, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების კუთხით. შედეგად, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც ემ-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს.
ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის
12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი.

ასევე, “დელტას” ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, ასევე, რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.

პრემიერმინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს, მისი ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა – „დიდგორი“, მათ შორის, „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, თავდაცვის ძალებს გადაეცა 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. მსოფლიო ბრენდების გერმანული „მანის“, იტალიური „ივეკოსა“ და ამერიკული „ფორდის„ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლის ფარგლებში საბჭოთა მოძველებული ტექნიკის ეტაპობრივად განახლება ხდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. მოხდება დამატებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია. შედეგად, თავდაცვის ძალებს ექნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები