მთარგმნელი ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს მწერალთა კავშირი მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების გამო.
„ქართულმა მწერლობამ დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ბრწყინვალე მთარგმნელი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მთარგმნელობითი ასოციაციის ხელმძღვანელი, ივანე მაჩაბლისა და ზეზვა მედულაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი ალექსანდრე ელერდაშვილი.
ალექსანდრე ელერდაშვილი იყო ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების შესანიშნავი წარმომადგენელი, ირანისტი, ლექსიკოგრაფი, უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის სამ ტომად გამომცემელი, სპარსულ-ქართული ლექსიკონის შემდგენელი, სპარსული ქრესტომათიის თანაშემდგენელი, 90-იან მძიმე წლებში გაზეთ „ფანტაზიის“ დამაარსებელი და მასთან არსებული გამომცემლობის რედაქტორი, არაერთი სპარსელი კლასიკოსი პოეტის ქართულად ბრწყინვალედ ამმეტყველებელი, მის მიერვე ჩამოყალიბებული მთარგმნელთა ჯგუფის ხელმძღვანელი… იყო ჩრდილში მდგომი, უხმაურო, მაღალი ზნეობის ადამიანი. დასანანია, რომ ასე უდროოდ გადაინაცვლა მან ზეციურ საქართველოში. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია მწერალთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები