გია ვოლსკი: კონსენსუსის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ
პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას ეხმაურება, რომელიც ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს.
ვოლსკის თქმით, კონსენსუსის დიდი სურვილი აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ.
„შეთავაზება, რომელიც ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რასაკვირველია, დაფუძნებული იყო იმ სურვილებზე, რომელიც ყველას გაგვაჩნია, რომ არგუმენტებით ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები ისე მივიღოთ. ფაქტობრივად, ერთ მხარეს დარჩა პარალიზების სტრატეგია, გადაკეტვების, სახელმწიფო უწყებების თუ გზების პარალიზების და მეორე მხარეს არის კვლავ ძალაში არსებული შეთავაზება რომ დეტალებში, არგუმენტირებულად იქნეს განხილული ყველა ექსპერტის მონაწილეობით ეს საკითხი. ულტიმატუმი, პარალიზება დარჩა მეორე მხარეს. სამწუხაროა, რომ ამ თემას არ გამოეხმაურნენ, რაც კიდევ ერთი დამატებითი რესურსი იყო კონსენსუსამდე მისვლის, მაგრამ კონსენსუსის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.