გენადი არველაძე: უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს – საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ
ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა – ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს უნგრეთთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო – უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც თბილისში გაიმართა.
მისი თქმით, კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ქართულ – უნგრული ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მხარდაჭერაზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით მიღებული სარგებელი გავზარდოთ და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქცია გავიტანოთ,” – განაცხადა გენადი არველაძემ.